ბრძოლა კონტრაბანდასთან: დასახელდა კანონდამრღვევთა რაოდენობა მაისში

Sputnik
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მაისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 233 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამოღებულია 13.424 კოლოფი (მათ შორის 10 აიქოსი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, დააზუსტეს უწყებაში. ყველა არააქციზური საქონელი ჩამორთმეულია კანონის შესაბამისად.
166 ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 67 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში 2019 წლის შემდეგ გახდა მაშტაბური, როცა თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებამ ქვეყანაში სიგარეტსა და თამბაქოზე ფასები გაზარდა. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური განსაკუთრებულად აკონტროლებს ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის იმპორტსა და რეალიზაციას.