თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველო მომავალ წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
„მშვიდობა და ტურიზმი“ – ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და, ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
სხდომაში საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობდნენ.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის მორიგი, ძალიან დიდი აღიარება. გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დონის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს არა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც, ასევე ვუმასპინძლოთ მედიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა და გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
2022 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 27 სექტემბერს გაიმართა.