ქართველი მოდელი Lacoste-ს რეკლამაში ლეგენდარულ ჩოგბურთელთან ერთად გადაიღეს

სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო.
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა ფრანგული კომპანია Lacoste-სა და სპორტული ბრენდ Sporty & Rich-სთვის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა.
მატილდამ წარმოადგინა ახალი კოლექცია, რომელიც ეფუძნება Lacoste-ს 70-80-იანი წლების საარქივო ნიმუშებს. ქართველი მოდელმა ბრენდისთვის დამახასიათებელი კომბინეზონი, კეპი, ქვედაბოლო და პოლო მაისური მოირგო.
ახალ კამპანიაში მსოფლიოს ცნობილმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც მიიღო მონაწილეობა.
მატილდა გვარლიანი 20 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.