თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 გაიხსნა

ღვინის ყველა მოყვარულს აქვს შესაძლებლობა გასინჯოს ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს.
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თბილისში, Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 გაიხსნა.
WinExpo Georgia — საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.

„გამოფენა ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, გააცნონ თავიანთი პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღვინის ყველა მოყვარულს აქვს შესაძლებლობა გასინჯოს ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს.
WinExpo Georgia 2022
აქ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები) მომწოდებელი კომპანიები, ასევე სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც აღნიშნულ დარგს უკავშირდება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმიც, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო იმპორტიორებთან მეწარმეების შეხვედრებს, საექსპორტო ბაზრების განხილვასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას.
WinExpo 2023 მასპინძლობს ღვინის აგენტებს, ტრეიდერებს, სასტუმროების, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიას და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს, რომელთაც ინდუსტრიის უკეთ გაცნობა სურთ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სამი სამიზნე ბაზარი შეირჩა >>
გამოფენის პარალელურად ტრადიციულად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულ ღვინოებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოებს.
ღონისძიება, რომელიც ტარდება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 4 ივნისს დასრულდება. ბილეთის ფასი შეადგენს 20 ლარს.
WinExpo Georgia-ს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კომპანია და რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობს.