იაზონი თუ სვანჰილდი: უცნობი საგა არგონავტებზე, ანუ ვინ იმოგზაურა კოლხეთში

ძველი ბერძნული მითოლოგიიდან, ოლიმპოს ღმერთების შესახებ ისტორიებს თუ გვერდს ავუვლით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ციკლის გამოყოფა შეიძლება. მათ შორისაა ლეგენდა არგონავტების კოლხეთში მოგზაურობაზე.
Sputnik
ოდისევსისა და მისი მეგობრების საოცარი მოგზაურობა რომ რეალობა ყოფილა, ტროას გათხრებმა დაადასტურა. სავარაუდოდ, ასევე ნამდვილად ესტუმრა იაზონი კოლხეთს.
ოღონდ დასადგენია, რამდენად რეალურია თავად ამბავი ვითომ ბერძნებისთვის წართმეული ოქროს საწმისის უკან დაბრუნებისა და ასევე კოლხეთში იაზონისა და მისი მეგობრების თავგადასავლისა.
საკუთრივ მითი წინაბერძნულ, ანუ პელაზგების პერიოდში შეიქმნა. ბერძენი გმირები პელაზგებთან მოგვიანებით გააიგივეს და ასე წარმოიშვა ისტორია არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ. სხვა საკითხია, რომ ხომალდ „არგოზე“ მყოფი გმირები სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შეუძლებელი იყო ერთად ემოგზაურათ. თუმცა ამას ლეგენდის ლიტერატურულ ვერსიებში (რა სახითაც ჩვენამდე მოაღწია) დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. მკვლევართა ჯგუფს თავად ფაქტის სისწორეში ეპარება ეჭვი და არცთუ უსაფუძვლოდ.
ევრიპიდესთან იაზონი დიდებული გმირია, რომელიც სხვა ბერძენ გმირებთან ერთად მიეშურება საშიშ მოგზაურობაში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად და უკან გამარჯვებული ბრუნდება კოლხეთის მეფის ქალიშვილ მედეასთან ერთად. მაგრამ მკვლევარებმა ევროპულ არქივებსა და ბიბლიოთეკებში ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად ბევრი საინტერესო ცნობის მოპოვება მოახერხეს – განსაკუთრებით იმ მხარეებში, სადაც ლოგიკურად ოქროს საწმისის ისტორიის ხსენებაც არ უნდა ყოფილიყო.
მაგალითად, ისლანდიის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მიაგნეს სკანდინავიურ საგას სახელწოდებით „სვანჰილდის საგა“, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაშია დაწერილი. სამწუხაროდ, ტექსტიდან შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ცალკეული აბზაცი — ქვებზე რუნებით ამოკაწრული. ისლანდიის ბიბლიოთეკაში საგა ნორვეგიიდან მოხვდა XIII საუკუნეში, როდესაც ცნობილმა პოეტმა და ისტორიკოსმა სნორი სტურლუსონმა ნორვეგიიდან ისლანდიას მიაშურა და თან წაიღო ბევრი ხელნაწერი.
საგა მოგვითხრობს ნორვეგიელი იარლის, სვანჰილდის ამბავს, რომელიც შორეულ მოგზაურობაში წავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. მისი ამბავი მხოლოდ შთამომავლებმაღა ჩაიტანეს ნორვეგიაში, სადაც მერე საგმირო თქმულება მიუძღვნეს სვანჰილდს.
საგის მიხედით, ნორვეგიაში იმ დროს ბინადრობდა თოვლის ლეოპარდის (Snøleopard), განსაკუთრებული სახეობა. ისინი მეტად მიუდგომელ ადგილებში ცხოვრობდნენ და ოქროსფერი, სქელი ბეწვი ჰქონიათ. სნოლეოპარდის დაჭერა მრავალი მონადირის ოცნება ყოფილა, მაგრამ მხოლოდ სვანჰილდს მოუხერხებია გალდჰოპინგენის მთაზე ასვლა და ლეოპარდისთვის მახის გათხრა. ცხოველი ორმოში ჩავარდნილა და მომკვდარა, სვანჰილდს კი გაუტყავებია.
მერე კი, როცა მისი სოფელი იარლ ტოივოინენს გადაუწვია, სვანჰილდი სხვა გადარჩენილებთან ერთად სამშობლოდან წასულა, ხოლო ლეოპარდის ბეწვი, როგორც უდიდესი განძი, ერთ-ერთ ხომალდზე ჩამოუკიდია და თან წაუღია. იმ დროიდან სვანჰილდის აფრებზე სნოლეოპარდის თავს გამოსახავდნენ.
და აქ უკვე იწყება ყველაზე საინტერესო: ამის შემდეგ საგა მოგვითხრობს სვანჰილდისა და მისი მეგობრების მოგზაურობის შესახებ, გვამცნობს, როგორ გადალახეს ზღვაოსნებმა ჰერკულესის სვეტები, როგორ ჩავიდნენ საბერძნეთში, სადაც მათ შეუერთდა მცირე ბერძნული ხომალდი ოცი მეზღვაურით, რომელთა მეთაურს, სკანდინავიური ვერსიით, იესნა რქმევია. აი ამ იესნა (იაზონს?) მოსწონებია ლეოპარდის ტყავი და მისი ხელში ჩაგდების მიზნით ჩრდილოელებს ასდევნებია. შემდეგ იყო ევქსინოს პონტო, ანუ შავი ზღვა და ასე მიუღწევიათ კოლხეთის სანაპირომდე.
იქ მათ დახვედრია ადგილობრივთა ფლოტი სუბმარხიოსის მეთაურობით, რომელსაც სტუმრები დედაქალაქში მიუწვევია. საგაში მას ცხელ ქალაქად მოიხსენებენ, ბერძნული წყაროები კი „აიად“.
იესნა-იაზონს რკინის ქალამნები სცმია და კოლხეთის ქვიან ნიადაგზე სიარულისას თურმე ისეთ ხმებს გამოსცემდა, რომ კოლხებს ამირანი ჰგონებიათ. მეფე აიეტსაც დიდად მოსწონებია ბერძენი და ძალიან დაუახლოვებია. სტუმრების პატივსაცემად მთელი კვირა გაგრძელებულა დიდი ნადიმები, რომლებზეც ასი ხარი და ორასი ცხვარი დაკლულა, ღვინო კი იმდენი შესმულა, რომ სკანდინავიელი სკალდი ზღვას ადარებს.
ნადიმის დროს სვანჰილდი და კოლხთა მეფე ერთმანეთს სმაში გაჯიბრებიან. აიეტი ყველა სასმისს, რომელსაც გამოსცლიდა, ამტვრევდა თურმე. ბოლოს რომ ვეღარაფერი მოუხელთებია, სვანჰილდის მუზარადისთვის ერთი რქა მოუტეხავს და იმით დაულევია.
დამარცხებულ სვანჰილდს უბრძანებია, ხომალდიდან ლეოპარდის ტყავი ჩამოეხსნათ და მეფისთვის უჩუქებია. მეფე აიეტს სიამოვნებით მიუღია ძღვენი, რომლისთვისაც „ოქროს საწმისი“ უწოდებიათ, რადგან სვანჰილდმა ის საწმისებით შეჯიბრში წააგო. აიეტმაც „ოქროს საწმისი“, გამარჯვების ნიშნად, უზარმაზარ მუხის ხეზე გააფენინა.

მერე კი „დატოვა სვანჰილდ ქვეყანა კოლხთა, მეფე აიეტ და მისი ხალხი, გაემართა ის შორეულ ზღვებისკენ“.

ამის შემდეგ საგაში ჩვენთვის საინტერესო აღარაფერია.

იაზონის შემდგომ თავგადასავლებს უკვე ლეგენდებიდან და ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის უცნობი ავტორის ნაშრომიდან „მსოფლიო წრე“ ვიგებთ. იქ კი წერია, რომ იაზონს, რომელსაც ოქროს საწმისის (ან ლეოპარდის ტყავის) ხელში ჩაგდება ჰქონია გადაწყვეტილი და რომელსაც კოლხები თურმე დიდ პატივს სცემდნენ, მდგომარეობით უსარგებლია, მუხიდან ჩამოუხსნია ძვირფასი ტყავი და საკუთარ ხომალდამდე ქვიშიანი სანაპიროთი წასულა. ეს იმისთვის, რომ რკინის ქალამნების გრუხუნი დაეფარა. მდინარე ფაზისის სათავესთან რკინის ქალამნები გაუხდია და თანამგზავრებთან ერთად ღამით არგოზე ასულა.
იაზონს მოუტაცია კოლხეთის მეფის ქალიშვილიც (მედეა, როგორც „არგონავტიკა" მოგვითხრობს), კოლხი გემთმშენებლები დაუხოცავს, ფლოტი ცეცხლისთვის მიუცია და თავად ზღვაში გაუცურავს. აიეტის ფლოტი მთლიანად განადგურებულა. როდესაც მეფეს ყოველივე ეს შეუტყვია, ძალზე დამწუხრებულა და რამდენიმე დღის შემდეგ თავი მოუკლავს...

იაზონისა და მედეას ერთობლივი ამბავი მხოლოდ „არგონავტიკაშია“ აღწერილი, თუმცა რამდენად შეესაბამება ის რეალობას, ამაზე ლაპარაკი ძნელია.
ასევე ძნელია დაბეჯითებით მტკიცება იმისა, რომ სწორედ სვანჰილდის საგაა არგონავტების კოლხეთში ჩამოსვლის უტყუარი ისტორია. თუმცა ეს საგა ნამდვილად არსებობს და ვარაუდის გამოთქმა ჩვენთვის არავის აუკრძალავს. მით უმეტეს, რომ ანტიკურ პოემებში ბევრია უზუსტობა და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.