თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ავტომობილების კოლექციონერებისთვის შეღავათების შემოღებას ითვალისწინებს, ძალაში დღეს, 1 ივნისს შევიდა.
ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობაში „კლასიკური ავტომობილის" ცნება გაჩნდა.
კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება. კლასიკური ავტომობილის მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის საკითხებს მთავრობა განსაზღვრავს.
გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, საქართველოში მსგავსი ავტომობილების შემოყვანაზე იმოქმედებს სპეციალური შეღავათები.
კერძოდ, კლასიკური ავტომობილების იმპორტზე გადასახადი იქნება 1,5 ლარი ძრავის კუბურ სანტიმეტრზე 2,4 ლარის ნაცვლად, რაც მოქმედებს ყველა ავტომობილზე, რომლის წლოვანება 14 წელიწადზე მეტია.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 40-ზე მეტი წლის 33 ავტომობილი შემოიყვანეს, საიდანაც 19 მსუბუქი ავტომობილი იყო.