ნუცა ბუზალაძე აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

აჭარაში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად 3 ივნისს იხსნება
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართველი მსმენელის წინაშე 3 ივნისს, ზაფხულის სეზონის ოფიციალურ გახსნაზე ბათუმში წარდგება.
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, ფესტივალის დევიზი ტრადიციულად იქნება ფრაზა „ზაფხული იწყება აქ“.
„მეგობრებო, სპეციალურად თქვენთვის და ბათუმისთვის ჩამოვდივარ, რათა ზაფხულის სეზონი გავხსნა. ყველას გელოდებით „ანბანის კოშკთან". ძალიან მიყვარხართ", - დაწერა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში.
ბუზალაძის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებელ სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები: სალიო, ჯგუფი „არა", „მონსტერ-ლობსტერი", LOUDSPEAKERS, „ასეა სულ", „ლურჯი იალქანი" და ა.შ.
ნუცა ბუზალაძემ დიდ წარმატებას მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა.
იგი პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.