თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის მიმართულებით გადახედავს, განაცხადა მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდა. თავდაპირველად სებ-ი ვარაუდობდა, რომ მშპ 4%-მდე გაიზრდებოდა.
„მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ დროისთვის უკვე გადავხედავთ მშპ-ის ზრდას“, - განაცხადა ლეჟავამ.
მისი თქმით, პროგნოზის გადახედვის მთავარი ფაქტორი არის ის, რომ წინასწარი მონაცემებით, პირველ ოთხ თვეში ეკონომიკის ზრდა 7 პროცენტს აღემატება.
„ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ ჩვენი 5%-იანი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს“, – განაცხადა ლეჟავამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ზუსტი პროგნოზი სიტუაციის შეფასების შემდეგ გახდება ცნობილი.
2023 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა - პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,3% შეადგინა.