თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, ახალი გზა ოფიციალურად 1 ივნისს გაიხსნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია დედაქალაქში. მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაოების დროს ამ ტერიტორიაზე მეწყერსაშიში ზონების გაჩენის გამო პრობლემები შეიქმნა და ამიტომ მისი დასრულების თარიღი გადაიდო.
როგორც კალაძემ ადრე აღნიშნა, ამ უბანზე დაახლოებით ცხრა მეწყრული კერა იყო, მაგრამ ყველა დამუშავდა და უსაფრთხოება ყველანაირად არის დაცული.
„ხვალიდან შესაძლებლობა გვექნება, გზის აღნიშნული მონაკვეთი გავხსნათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ამჟამად გზაზე დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს და ეს პროცესი დღესვე დასრულდება.
მერის თქმით, რამდენიმე მეწყრულ მონაკვეთზე შესაბამისი პროექტები განხორციელდა, პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი და გერმანელი ექსპერტები.
გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
© Tbilisi City Hall
პროექტის ფარგლებში შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მათი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობდა.
ასევე, მერის ინფორმაციით, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმდებარეობის შეცვლა. პარალელურად გაკეთდა სპეციალური კუნძულები, რომელიც გამწვანებულია, დაიდგა განათების ბოძები თავისი LED სანათებით.
გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
© courtesy of Mamuka Mdinaradze
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. მისი თითო მიმართულება ორ ავტომობილზეა გათვლილი, ანუ ჯამში ოთხზოლიანი მონაკვეთია.
პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
ახალი გზის მეშვეობით ლისის ტბის უბანი „ვეფხვისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. გზა გადაუდებელი დახმარების ცენტრთან („112“) გადის, გაივლის სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის, შემდეგ კი მარშალ გელოვანის გამზირს უერთდება.