თბილისი, 31 მაისი – Sputnik. „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის პროექტს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პროექტის ავტორებს მისი გამოსწორება მოუწევთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია
© photo: Sputnik / Stringer
„ლაგუნა ვერე“ ყოფილი სპორტული კომპლექსია. მის ტერიტორიაზე ოთხი აუზია, რომელთაგან ერთი დახურული ტიპისაა. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა კომპლექსი 2007 წელს შეისყიდა. 2014 წელს აუზის რემონტი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მას მერე ის არ გახსნილა.
„ამ პროექტზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გამოტანილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე და მოწონებულია. თუ რამე ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, მოუწევთ ამის გამოსწორება. როდესაც რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მერის თქმით, იმ ფაქტს, მოსწონს თუ არა მას ეს პროექტი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ჩემი გემოვნებით ვერ ვიხელმძღვანელებთ. თბილისს ჰყავს შესაბამისი უწყებები, სადაც უამრავი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. ისინი განიხილავენ მსგავს პროექტებს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას, და არა თბილისის მერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია
© photo: Sputnik / Stringer
ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული პროექტი ატარებს თუ არა პოლიტიკურ სარჩულს, თბილისის მერმა უპასუხა, რომ შესაბამისი უწყებები სამშენებლო ნებართვებს გასცემენ ურბანული და არქიტექტურული შესაბამისობის მიხედვით.
ამ დროს მერია არ ინტერესდება, კონკრეტული პროექტის უკან მდგომი კომპანია მმართველი პარტიის თუ ოპოზიციის მხარდამჭერია, აღნიშნა მან.
„ლაგუნა ვერეს“ კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე“ თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.