გლდანში ახალი პარკი გაჩნდება

პროექტის განსახორციელებლად გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,2 მლნ ლარი დაიხარჯება.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დაახლოებით 9 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი დასასვენებელი სივრცე გაჩნდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ახალი პარკი გლდანის მესამე მიკრორაიონში N85, N87, N88, N4 კორპუსების მიმდებარედ მოეწყობა.
გლდანში ახალი პარკი გაჩნდება
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი ზონების, დასასვენებელი პავილიონების, კალათბურთის მოედნის, ველობილიკისა და ფიტნეს-სივრცის მოწყობა.
პარკში ასევე მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება სხვადასხვა სახის საპარკო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სრულად გამწვანდება.
პარკის მთელ ტერიტორიაზე დაირგვება 80-მდე სხვადასხვა სახის ხე და 200-მდე ბუჩქი.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,2 მლნ ლარი დაიხარჯება.