თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, პოლიტიკური ბლოკიდან გასული დეპუტატები საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
ცვლილებების ავტორები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე. მათ მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.
დეკანოიძემ და გოცირიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მაისის დასაწყისში დატოვეს პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, მაგრამ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ვერ შეძლეს, რადგან, რეგლამენტის მიხედვით, ეს მხოლოდ იმ დეპუტატებს შეუძლიათ, რომლებიც პარლამენტში პარტიული სიით მოხვდნენ და შემდეგ დატოვეს ის. ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა როგორც ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია: „ძალა ერთობაშია“.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე აღნიშნული ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ფრაქციიდან გასული დეპუტატები საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
დღეისათვის პარლამენტში უკვე შვიდი პოლიტიკური ჯგუფია, რომელთაგან პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე მხოლოდ სამი შეიქმნა.
გარდა ამისა, პარლამენტში 14 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც პარლამენტში ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ სიებით მოხვდნენ. თავად პარტიის ფრაქციას მხოლოდ 20 დეპუტატი ჰყავს.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.