საუკეთესო ფერი ბინის კედლებისთვის: დადასტურებულია მეცნიერულად

Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სახლის ინტერიერის შერჩევისას აუცილებელია, რომ ზოგ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, მაგალითად, ფერსა და ავეჯის ფორმას, აცხადებს კოგნიტიური ნეირობიოლოგი კრისტიან ჯარეტი.
იმის შესახებ, თუ რა დეტალი, როგორი დიზაინი შეეფერება ყველაზე უკეთ საცხოვრებელს, რათა ადამიანმა მყუდროდ, კომფორტულად და ჯანმრთელად იგრძნოს თავი, მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს და საინტერესო დასკვნებიც გააკეთეს.
როგორც კრისტიან ჯარეტი აღნიშნავს, სახლის კედლების ფერს შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე.
მაგალითად, არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ:
ლურჯს სტრესის მოხსნა შეუძლია. ადამიანები ამ ფერს ხშირად აიგივებენ მოდუნებასა და სიმშვიდესთან. ამიტომ კარგი იქნება, თუ საძინებლის კედლები ლურჯად გაფორმდება.
იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საქმიანობით, კვლევებით ხართ დაკავებული, მაშინ კედლებისთვის მოწითალო ფერის შერჩევა ჯობს, ვინაიდან წითელი ყურადღებასა და კონცენტრაციას უწყობს ხელს. ამასთან კარგი იქნება, თუ მოწითალო კედლებიან ოთახში ერთი ნაწილი მაინც გაფორმდება ლურჯად, ვინაიდან, როგორც კვლევებით დადასტურდა, ლურჯი კრეატიულობასაც მატებს ადამიანს.
რაც შეეხება ავეჯს, ნეირობიოლოგ ჯარეტის თქმით, კარგი იქნება, თუ სწორ ხაზებსა და მკვეთრ კუთხეებს მოერიდებით და არჩევანს მრუდ ფორმებზე შეაჩერებთ. მეცნიერების დასკვნით, ადამიანი მომრგვალებულ, ამობურცულ ან ჩაზნექილ ხაზებს უფრო ლამაზად და სასიამოვნოდ აღიქვამს. ასეთი ფორმები ტვინის იმ ნაწილებს ააქტიურებს, რომლებიც სიამოვნებას უკავშირდება.
ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, სწავლულთა ეს რეკომენდაცია მხოლოდ ავეჯის შეძენისას კი არა, ბინის რემონტის ან სახლის აშენებისასაც უნდა გაითვალისწინოთ.
თუ გსურთ, რომ საცხოვრებელი იმაზე უფრო ფართო და ვრცელი გამოჩნდეს, ვიდრე არის, ამ ამოცანას დიდი ფანჯრების მეშვეობით გადაჭრით. ეს, სივრცის შეგრძნების გარდა, ოთახს ფორმასაც შეუცვლის.
ნეირობიოლოგის თქმით, ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, თუ ფანჯრებიდან რაიმე მწვანე ხედი გამოჩნდება. ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ თავად შექმენით ასეთი ხედი ოთახის მცენარეებით.
როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, სიმწვანეს დიდი ფსიქოლოგიური სარგებელი აქვს – ის დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე და სტრესებისგან გათავისუფლებაში ეხმარება მას.
წყარო: Science Focus