მსოფლიო დღეს

მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ რეაგირებენ მუცლადმყოფი ბავშვები საკვების გემოზე - ფოტო

Sputnik
თბილისი, 30 მაისი − Sputnik. მუცლად მყოფი ბავშვები საკვების გემოებს არჩევენ და შესაბამისად რეაგირებენ მათზე, აცხადებენ დარემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები.
მათი შესაბამისი ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში Sage Journals.
მკვლევარები ამ დასკვნამდე ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 100 ორსული მონაწილეობდა. მათი ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობდა, ფეხმძიმობის ვადა კი 32-დან 36 კვირამდე.
ექსპერიმენტისას მომავალ დედებს დაალევინეს კაფსულა, რომელსაც სტაფილოს არომატი ჰქონდა. ამის შემდეგ მეცნიერები ჩვილების რეაქციას ოთხგანზომილებიანი ულტრაბგერითი აპარატითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით დააკვირდნენ.
როგორც აღმოჩნდა, მუცლადმყოფ ბავშვებს სტაფილოს გემო მოეწონათ, მათი დადებითი რეაქცია კარგად გამოჩნდა ულტრაბგერით გადაღებულ ფოტოზე, რომელზეც ნასიამოვნები პატარა იღიმება.
მომდევნო ეტაპზე ქალებს მისცეს კაფსულები კომბოსტოს გემოთი, რაზეც ბავშვებმა საპირისპირო რეაქცია გამოავლინეს − ეს გემო არ მოეწონათ, რაც ასევე ჩანს ფოტოზე.
აღინიშნება, რომ ეს პირველი კვლევაა, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვებზე ჩატარდა გემოებზე, სუნებზე, პროდუქტების ქიმიურ შემადგენლობაზე რეაქციების შესწავლის მიზნით.

„საოცარია, მაგრამ ბავშვებს დაბადებამდეც ნამდვილად შეუძლიათ საკვების გემოს გარჩევა. უფრო მეტიც, ყველა ბავშვის რეაქცია მსგავსი იყო: მათ მოსწონდათ სტაფილო, კომბოსტოს გემო კი არა. ჩვენი ვარაუდით, მუცლადმყოფი ჩვილები ასევე არჩევენ სუნებსაც. რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც დაბადების შემდეგ, მაგრამ რაღაცის შეგრძნება ნამდვილად შეუძლიათ“, − ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ბეიზა უსტუნი.

როგორც ავტორები აცხადებენ, კვლევის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ბავშვის მომავალი გემოვნების ჩამოყალიბებაზე შეიძლება დიდ გავლენას ახდენდეს დედის კვების რაციონი ორსულობის პერიოდში – იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში უკვე არჩევს, რომელი გემო მოსწონს და რომელი − არა. მეცნიერების თქმით, ამ საკითხის შესწავლას ისინი მომავალშიც გააგრძელებენ.