კრემლში იმედი აქვთ, რომ სამხრეთ აფრიკა ICC-ს გადაწყვეტილებით არ იხელმძღვანელებს

Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კრემლს იმედი აქვს, რომ BRICS-ის ქვეყნები არ იხელმძღვანელებენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით, რომელმაც მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ, როგორც მინიმუმ, ასეთ მნიშვნელოვან ფორმატში პარტნიორი ქვეყნები არ დაეყრდნობიან ესოდენ უკანონო გადაწყვეტილებებს“, — თქვა პესკოვმა.

კრემლის სპიკერმა ასე უპასუხა შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა ICC-ს გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობაზე BRICS-ის მომავალ სამიტზე, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება მიმდინარე წლის 22-24 აგვისტოს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას რატიფიცირებული აქვს ICC-ს რომის სტატუტი, რომლის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებული არიან, გადასცენ ICC-ს ის პირები, რომლებზეც სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. როგორც რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნალედი პანდორმა განაცხადა დღეს, საერთაშორისო ტრიბუნალების მიერ გაცემულ ორდერებზე BRICS-ის შეხვედრების მონაწილეთა დიპლომატიური იმუნიტეტი არ ვრცელდება.