თბილისი, 30 მაისი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის ერთი ლიეტუვის მოქალაქეა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა პერიოდში ჰქონდათ, რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.
როგორც საგამოძებო სამსახურში განმარტავენ, დაზარალებულები აღნიშნულ ინფორმაციას მამაკაცებს ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში ნებაყოფლობით უგზავნიდნენ, ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი ბრალდებულები შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულთა მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ.
კერძოდ, 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში თბილისში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან და ფლობდა ქალის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენს.
2022 წლის ზაფხულში მამაკაცმა დაზარალებულისა და მის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტში საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ქალის თანხმობის გარეშე გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მიმართვის შემდეგ უმოკლეს დროში უზრუნველყო საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების დაკავება და მათთვის ბრალის წარდგენა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება. დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.