მიწის თაღლითურად დაუფლება: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გამოიყენა ყალბი უცხოენოვანი მინდობილობა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები და უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე 350 ჰექტარი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებს. უწყების ცნობით, ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3,5 მლნ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბრალდებული ასევე შეეცადა თაღლითური გზით დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებსაც, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1 მლნ ლარს, თუმცა ყადაღის გამო აღნიშნული ვერ განახორციელა.
საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რათა ბრალდებულსა და მასთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მისცემოდათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების განკარგვის შესაძლებლობა.
ამ ეტაპზე აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე, (19)180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.