ღარიბაშვილი: ევროკავშირი შეცდომას დაუშვებს, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
Sputnikთბილისი, 30 მაისი — Sputnik. წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ვფიქრობ, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ამ სიტუაციაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა საქართველოსთვის, რომელიც არის ამ „ასოცირების ტრიოში“ ნომერი პირველი თავისი მუშაობით, იქნება დიდი პოლიტიკური შეცდომა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თუმცა, პრემიერის თქმით, უარის შემთხვევაშიც კი საქართველო გააგრძელებს რეფორმებისა და განვითარების გზას.
ამასთან, ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს გასული წლის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა, უსამართლო, არაგონივრული და შეუსაბამო უწოდა, რადგანაც ქვეყანა ყველა ასპექტში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
„თუ დამსახურებაზეა საუბარი, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ მუშაობის საფუძველზე. საქართველო იყო და არის ორჯერ, სამჯერ წინ, ვიდრე ეს ორი ქვეყანა, საუბარი მაქვს „ასოცირების ტრიოზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტები, არც განმარტებები, თუ რატომ არ მიიღო ქვეყანამ სტატუსი.
„ამიტომაც ეს კითხვა უკეთესია ევროპელ მეგობრებს დაუსვათ", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობას მიმდინარე წლის ივნისისთვის დაასრულებს.
„როდესაც საქართველოს გადასცეს ევროკომისიის ჩამონათვალი, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მასზე მუშაობა, ჩავერთეთ ამ პროცესში და ივნისისთვის ყველაფერი დასრულდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მოგვარდება პოლარიზაციის საკითხი, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა.
„სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, რომელიც სტატუსის მოპოვების ერთ-ერთი წინაპირობაა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ნამდვილი ოლიგარქი არის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც საქართველოში რიგ საქმეებზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ღარიბაშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ არის ოლიგარქი საქართველოს ექს-პრემიერი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
„ამ ბრალდებებს არგუმენტი არ აქვს... მე გეტყვით, რომ მის მიერ საქართველოში ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა განხორციელდა", – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ივანიშვილმა შეცვალა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „სასტიკი, ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი", დასძინა პრემიერმა.
„სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დემოკრატიის არანაირი ნიშნები არ ჩანდა. ადამიანებს აწამებდნენ, ძალადობდნენ, კლავდნენ ციხეებში, ქუჩებში, გაასამართლეს 300 ათასზე მეტი ადამიანი. არ იყო თავისუფალი მედია, რეალური სამართლიანობა, კანონის უზენაესობა", – განაცხადა პრემიერმა.
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყო, დღე და ღამესავით განსხვავდება იმისგან, რაც იყო, განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.
მმართველ პარტიაში კი, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.