დავით აღმაშენებელი საქართველოს მეფეთა შორის რომ მართლაც გამორჩეული იყო, ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაშიც ვლინდებოდა, რომ მეფე „ინტელქტუალურ ომებს“ აწარმოებდა და ცდილობდა, ყველა ბრძოლა უსისხლოდ, ან ძალიან მცირე დანაკარგებით მოეგო.
სწორედ დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით „მოიპარეს“ მისი ბრძანებით მოღალატე ლიპარიტ ბაღვაში, რის შემდეგაც უბრძოლველად დაიკავა კლდეკარი.
მსგავსი მოხდა ზედაზნის ციხის აღების დროსაც, როდესაც მოღალატე ძაგან აბულეთის ძემ შიომღვიმის მონასტერს შეაფარა თავი, მაგრამ მეფის მომხრე ბერებმა შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს გაკოჭილი.
მეფემ ასევე „უდრტვინელად“ აიღო სამშვილდე, რუსთავი, ძერნა... არმია საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვებოდა, როცა ეს მეთოდი არ ჭრიდა — ერთვებოდა და ბოლომდეც მიჰყავდა.
მსგავსი სცენარით დაიწყო კახეთ-ჰერეთის შემოერთების საქმეც, რომელიც XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე თურქ-სელჩუკთა მნიშვნელოვან პლაცდარმს წარმოადგენდა საქართველოს მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იმ დროს კახეთ-ჰერეთში, როგორც მემატიანე წერს, „ცუნდრუკა, უსჯულო და უმეცრად უსამართლო“, ხალხისთვის საძულველი აღსართან II მეფობდა. ის გრძნობდა, რომ მის ძალაუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომაც დაიწყო სამზადისი გაერთიანებული საქართველოს მეფის წინააღმდეგ. მაგრამ ვერ მოასწრო.
1104 წელს ჰერმა დიდებულებმა: არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს აღსართანი და დავით აღმაშენებელს გადასცეს. საქართველოს მეფემ კი კახეთ-ჰერეთის ციხეები უბრძოლველად დაიკავა და მხარე ერთიან ქართულ სახელმწიფოს მიუერთა.
თუმცა დავითს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ ამ უდიდეს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საქმეში. კახეთ-ჰერეთის დიდებულთა ერთი ნაწილი სამეფოს გაუქმების შემდეგ დახმარების სათხოვნელად განძის ათაბაგს ეახლა, რომელიც თურქეთის სულთან ბარქიაროკის სამსახურში იდგა.
თავის მხრივ, არც სულთანი იყო კმაყოფილი დავითის ნაბიჯებით, ვერ ეგუებოდა ხარკის შეწყვეტასა და ქართველთა მეფის მიერ პერმანენტული ომის დაწყებას საქართველოში დაბუდებულ თურქთა ურდოების წინააღმდეგ. ბარქიაროკს არ შეეძლო მშვიდად ედევნებინა თვალი, როგორ აცლიდა „ტყის მეფე“ სელჩუკებს ამიერკავკასიას.
რაღა თქმა უნდა, განძის ათაბაგმა სულთნის განწყობა კარგად იცოდა და ამიტომაც მიიჩნია, რომ ქართველ დიდებულთა თხოვნა ხელიდან არ უნდა გაეშვა.
ბარქიაროკის ბრძანებით განძის ათაბაგს სხვა მუსლიმი მმართველებიც შეუერთდნენ და დიდძალ ლაშქარს მოუყარეს თავი კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად.
როგორც მემატიანე წერს, მომხდურთა გაერთიანებულ არმიაში შედიოდნენ „ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარედგომილი ჩუენდა“. დავით აღმაშენებელმა მრავალრიცხოვან მტერს მცირე, თუმცა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი დაუპირისპირა.
ბრძოლა ერწუხის ველზე გაიმართა. საქართველოს მეფემ ახალი ტაქტიკური ხერხი „მიართვა“ სელჩუკებს — „ქმნა წყობანი დიდნი“, ანუ მძლავრი ფლანგური დარტყმები განახორციელა, და თავადაც უშუალოდ ჩაება უშეღავათო ომში.
ლომივით იბრძოდა დავით მეოთხე და დაუნანებლად კაფავდა მტერს, რასაც მემატიანე შესაშური ხატოვანებით აღწერს:
„ხოლო თვით მეფე არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ვითარცა სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასი თვით წინე უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მი-და-მოიქცეოდა და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა“.
იმ ბრძოლაში სამი ცხენი გამოუკლეს მეფეს, ომი მეოთხეზე ამხედრებულმა გაასრულა. ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე მტრის სისხლს ისე აევსო უბე დავითისთვის, როცა ბრძოლის დამთავრების შემდეგ სარტყელი შეუხსნია, ისეთი თქრიალით გადმოღვრილა დაგუბებული სისხლი, რომ მხლებლები შეეჭვებულან, ხომ არ დაჭრილაო მეფე.
ერწუხის ბრძოლაში დავით მეოთხე აღმაშენებელმა ბრწყინვალედ და ძლევამოსილად გაიმარჯვა — მტერი სრულად გაანადგურა.
„ხმა-განსმენილი იგი დიდ ბრძოლად“ შეფასებულ ომს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთან შეტაკებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ქართველებს ნათლად აჩვენა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას...