საქართველო შეუერთდა ჰააგის კონვენციას ალიმენტების გადახდევინების შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დაიცვან საკუთარი ინტერესები.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ" ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე" ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს.
კონვენციისა და ოქმის რატიფიკაციის შემდეგ ბავშვთა სასარგებლოდ ალიმენტის მიღება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები სხვა სახელმწიფოებში იქნებიან, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
იუსტიციის მინისტრმა ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები განიხილა.
იუსტიციის სამინისტრო ჰააგის კონფერენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოებში დაიცვან საკუთარი ინტერესები.
კონვენციასთან შეერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთიან სამართლებრივ სივრცეში საქართველოს თანამშრომლობასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.