შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აზერბაიჯანი და სომხეთი 28 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშვიდობა, წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა.
28 მაისს სომხეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს. სომეხი ხალხისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1918 წლის 28 მაისს - თბილისში (ტიფლისში) მყოფმა სომხურმა ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის დამოუკიდებლობა, გამოაცხადა რესპუბლიკა დედაქალაქით ერევანში.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2021 წლიდან, „დამოუკიდებლობის დღის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, აზერბაიჯანში 28 მაისს - ყოფილ რესპუბლიკის დღეს - დამოუკიდებლობის დღე ეწოდა, 18 ოქტომბერს კი - ყოფილ დამოუკიდებლობის დღეს -დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ეწოდა.
აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა პირველად 1918 წლის 28 მაისს მოიპოვა, გამოაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ 23 თვე იარსება. დამოუკიდებლობა აღდგა 71 წლის შემდეგ, 1991 წლის 18 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტის მიღებით.
„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ, ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა, წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული, კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა Twitter-ში.
პაპუაშვილმა სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავი მიულოცა და პროგრესი და მშვიდობა უსურვა.
„გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ამ ისტორიულ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე სომხეთის ისტორიაში და მოწმობს სომეხი ხალხის გამბედაობაზე და მონდომებაზე. ჩვენს მეგობრებს ვუსურვებ წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – დაწერა პაპუაშვილმა.
პარასკევს, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ქართველმა ხალხმა, მთავრობის მეთაურმა და საქართველოს პრეზიდენტმა მილოცვები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან მიიღეს.