თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სადემონტაჟო სამუშაოებია, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ უნდა ჩატარდეს.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. დამოუკიდებლობის დღის ზეიმის მერე სადემონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხიდან და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა 28 მაისს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. კერძოდ, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩებზე.
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.
მეტროს სადგურ „რუსთაველიდან“ და მერაბ კოსტავას ქუჩიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე.
პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე გადაადგილება დასაშვები იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა კი, შესაძლებელი იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.