თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თუ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პოლარიზაციის საკითხი გადაიჭრება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„თუ მათ რეალურად სურთ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და რაც მთავარია მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება, პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმიტომ რომ ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.