თბილისი, 26 მაისი — Sputnik. კვიპროსის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ლგბტ-პირთა მიმართ კონვერსიული ფსევდოთერაპიისთვის დიდი ოდენობით ფულად ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს, იუწყება გაზეთი Phile News.
კონვერსიული თერაპიის კრიმინალიზაციას, რომელიც გენდერული იდენტურობის ან გენდერული თვითგამოხატვის წინააღმდეგაა მიმართული და სექსუალური ორიენტაციის დათრგუნვას, განკურნვას ან შეცვლას ემსახურება, უკვე დიდი ხანია მოითხოვენ კვიპროსზე.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მსჯელობდა. დეპუტატებმა არაერთი ისტორია მოისმინეს იმის შესახებ, თუ როგორ დაჰყავთ მშობლებს შვილები ფსიქიატრებთან ან მღვდელმსახურებთან სექსუალური ორიენტაციის შესაცვლელად, რაც, გაზეთის ცნობით, მათ დადასტურებულად აყენებს ფსიქოლოგიურ ზიანს.
საბოლოოდ პარლამენტმა 36 ხმით ექვსის წინააღმდეგ (ერთმა თავი შეიკავა) დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც პირი, რომელიც სხვა პირის მიმართ სექსუალური ორიენტაციის დათრგუნვის, განკურნვის ან შეცვლის მიზნით ფსევდოკონვერსიულ მეთოდებს (საუბრებსა თუ სხვა მანიპულაციებს) გამოიყენებს, ორ წლამდე პატიმრობით ან 5 ათასი ევროს ჯარიმით დაისჯება.
ხოლო იმ შემხვევაში, თუ ეს კონვერსიული ფსევდოთერაპია არასრულწლოვნის ან ავადმყოფობისა თუ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მოწყვლად მდგომარეობაში მყოფის მიმართ იქნება გამოყენებული, მაშინ პირი სამ წლამდე პატიმრობით ან 10 ათასი ევროს გადახდით დაისჯება.
აღინიშნება, რომ კანონის მიღებას დიდ წინაღმდეგობას უწევდა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია.