სარდლობიდან მემაწვნეობამდე: ცხოვრება გენერალ გიორგი კვინიტაძისა

Sputnik
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გვსურს გავიხსენოთ სამხედრო გენერალი, რომელმაც უდიდესი როლი შეიტანა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიის ჩამოყალიბებასა და გაწვრთნაში.

„ტყვიის წუილს, რომელიც მოგხვდება, ვერ გაიგონებ“, — ეს სიტყვები გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეკუთვის.

იგი წარმოშობით ჩიქოვანთა გვარიდან იყო. ბაბუამისი სიმონ ჩიქოვანი იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ თურქეთში გაჰყვა სოლომონ მეფეს, შვილი ივანე კი საქართველოში, ციციშვილების ოჯახში დატოვა. 14 წლის ივანემ გვარი კვინიტაძედ გადაიკეთა და 1839 წელს საცხოვრებლად დაღესტანს მიაშურა.
მამის კვალს გაჰყვა ივანეს შვილი გიორგიც და რუსეთის არმიაში დიდებული კარიერაც ჰქონდა. მისი დამსახურებებისა და ჩინ-მედლების სია შორს წაგვიყვანს, გეტყვით მხოლოდ, რომ როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მისთვის ყველა ამ ჯილდომ ფასი დაკარგა, სამშობლოში დაბრუნდა როგორც ერთი რიგითი მამულიშვილი, რომლის უმთავრეს მიზანს ქვეყნის მსახურება წარმოადგენდა.
გენერალმა კვინიტაძემ უდიდესი როლი შეასრულა ქართული არმიის ჩამოყალიბებასა და გაწვრთნაში. მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში იუნკერთა სამხედრო სკოლა, რომლის პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. ხელფასი ჰქონია 9.000 მანეთი. ეს იმდენად მწირი თანხა ყოფილა, რომ ლექციების წასაკითხად ფეხით მიდიოდა სკოლაში, ტრამვაითაც კი ვერ სარგებლობდა.
გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი, თუმცა, სამწუხაროდ, მის ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება.
მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან სერიოზული უთანხმოების გამო მას ხშირად უწევდა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის იქ იყო, სადაც კრიტიკულ მომენტში ქვეყანას სჭირდებოდა.
სწორედ ის იყო გენერალ მაზნიაშვილთან ერთად დაშნაკების დამარცხების შემოქმედი, სწორედ მან არათუ მოიგერია მე-11 არმიის პირველი შემოტევა, არამედ წითელ ხიდთან დაამარცხა რიცხვით ბევრად მრავალი ბოლშევიკების არმია და შეტევაზეც გადავიდა, მაგრამ მაშინდელი მთავრობის უნიათობის გამო იძულებული გახდა, ჯარი უკან მოებრუნებინა.
გენერალი კვინიტაძე სარდლობდა მის მიერვე აღზრდილ იუნკერთა ბოლო ბრძოლას თბილისი–კოჯორი–ტაბახმელის მიდამოებში. სწორედ ამ შეტაკების წინ მიმართა მან ჯარისკაცებს უკვდავი სიტყვებით:

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა“.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ისევ მამასავით პატრონობდა იუნკერთა გადარჩენილ ნაწილებს. მისი ძალისხმევით ბევრმა მათგანმა საბერძნეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებს მიაშურა და არაერთგზის ისახელა თავი უკვე მომდევნო, მეორე მსოფლიო ომისას. თავად გენერალი მეუღლესთან, მარიამ მაყაშვილთან, მცირეწლოვან შვილებთან (ივდითი, თამარი და ნინო) და ბავშვების ძიძასთან, თელაველ ბაბალე მრელაშვილთან ერთად ჯერ კონსტანტინოპოლში, 1922 წლიდან კი საფრანგეთში, შატუში გაემგზავრა.
პირველი ოთხი თვე საქართველოს ყოფილი მთავრობისგან მცირე პენსიას იღებდა. დახმარების შეწყვეტის შემდეგ კი ერთხანს პატეს გრამფირფიტების ქარხნის მუშა იყო. მისი მწირი ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნიდა და 1923 წლის ზაფხულში, თელაველი ძიძის დახმარებით, მაწვნის შედედება და გაყიდვა დაიწყო. და ოჯახმა სული მოითქვა.
გიორგი კვინიტაძე უცხოეთში სხვადასხვა გამომცემლობებთან თანამშრომლობდა. 1922 წელს დაწერა „მოგონებები“, რომელიც 1961 წელს შეავსო და უძღვნა მეუღლის ხსოვნას. 1985 წელს პარიზში, გამომცემლობა YMGA-PRESS-ში დაიბეჭდა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე: МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921.
მინდა შემოგთავაზოთ მისი მოსაზრება, რაც უდავოდ ძალიან საინტერესო და აქტუალურია დღესაც:
„საქართველო და ქართველი ხალხი თავისი ჩვეულებებით, თავისი ადათებით, სახელმწიფო მოწყობით არის ევროპელი და არა აზიური... აზიისგან და რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში იყო ფედერალიზმი, ისევე, როგორც ევროპაში. ამიტომ თავისი მოწყობით ქართველი ხალხი არის ევროპული და არა აზიური. თუ თამარის დროს ნახავთ, თამარი ხშირად ესაუბრებოდა ყველას არა როგორც ხელმწიფე, არამედ როგორც მორჩილი მოსამსახურე თავისი ერისა. ეს შეიმჩნეოდა საქართველოში ყოველთვის, როგორც ევროპაში. ამიტომ ნამდვილად ვართ მზად – ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა…“
ახლა ერთი საინტერესო ამბავი მისი შთამომავლების შესახებ. გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი ნინო ცოლად გაჰყვა ჰოლანდიელ პიტერ კლოდ ჰოლანდ დ’აბოს, რომელთანაც 1960 წელს შეეძინა გოგონა სახელად მარიამი. მარიამ დ’აბო ინგლისური კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავი გახდა.
მარიამ დ'აბო ფილმში The Living Daylights
მარიამს განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუტანა ტიმოტი დალტონთან ერთად ბონდიანას ერთ-ერთ ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“ (The Living Daylights) შესრულებულმა კარა მილოვის როლმა.
2016 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ხელშეწყობისთვის ქართველი სარდლის შვილიშვილს ღირსების ორდენი გადასცეს.
უცხოეთში გადახვეწილი ქართველი გენერალი 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა პარიზთან ახლოს შატუში. იქვე დაკრძალეს, მეუღლის გვერდით.