თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ბათუმში ჭადრაკის სასახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, განცხადებების მიღება 26 ივნისამდე გაგრძელდება.
ობიექტის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება, შესყიდვის საორიენტაციო ღირებულება 197 ათასი ლარია.
კომპანიამ უნდა წარადგინოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასახლის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხარჯების გათვალისწინებით.
ტენდერის პირობების თანახმად, ორსართულიან შენობაში უნდა განთავსდეს ორი დარბაზი ტურნირების გასამართად, თითოეული 600 კვადრატული მეტრის ფართობით, ჭერის სიმაღლე – არანაკლებ 4 მეტრი.
დარბაზების შიდა სივრცე ჭადრაკის ფიგურების მსგავსი სვეტებით უნდა იყოს დაყოფილი. შენობაში ასევე უნდა იყოს მედპუნქტი, ადმინისტრაციული შენობა, სასწავლო კაბინეტები, 20 მონაწილეზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, 15 ორადგილიანი სასტუმრო ნომერი, სპორტული მაღაზია, გასახდელები.
ასევე აუცილებელია სტუმრების უზრუნველყოფა საპარკინგე ადგილებით, სასახლის ეზოს კეთილმოწყობა კი უნდა აკმაყოფილებდეს ჭადრაკის თემატიკას.