თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
„ქ-ნო პრეზიდენტო, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს", – დაწერა ალიევმა სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა და ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები.
„დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ასვლას", – ნათქვამია წერილში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.