თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საგარეჯოში უცხოელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ფულად თანხას დაეუფლა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ანგარების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში აქვს წარდგენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 მაისს ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოვიდა მეგობარ ქალთან ერთად და დაბინავდა სასტუმროში.
ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალს ავტომანქანა უნდა შეეძინა და ინახავდა თანხას.
ბრალდებულმა ხსენებული თანხის დაუფლების მიზნით 21 მაისს, მეგობარი ქალი თბილისიდან მოტყუებით წაიყვანა კახეთში და მდინარე იორის დამბასთან, თავში აგურის ჩარტყმით მოკლა, ამტკიცებს პროკურატურა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ქალის გვამი მდინარე იორში გადააგდო, თავად კი დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს და თანხას - 7.100 აშშ დოლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს.
მამაკაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ანგარების მოტივით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
წყარო - პროკურატურა