საეკლესიო კალენდარი: 25 მაისი

Sputnik
საქართელოს მართლმადიდებებლი ეკლესია 25 მაისს ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსის, გერმანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, საბინეს, კვიპრელი მთავარეპისკოპოსის და პოლუბიოსისა რინოკირელი ეპისკოპოსის, ასევე ერმოგენის, რუსეთის პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი (+403) წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
წმიდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინეპოლში საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმიდა იოანე ოქროპირი წმიდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინეპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავიანთი მღვდელმთავარი და 403 წლის 12 მაისს პატივით დამარხეს წმიდანის მიერ აშენებულ ეკლესიაში.
საეკლესიო კალენდარი: 24 მაისი
გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740) დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბძროლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელსაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-741) ხელმძღვანელობდა. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინეპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში.
საბინე - კვიპრელი მთავარეპისკოპოსი
წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V) დაიბადა ფინიკიის ქალაქ ლუკიაში. როცა გაიგო ღირსი ეპიფანე კვიპრელის მოღვაწეობის შესახებ, საბიანე მასთან გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. ის ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა უდაბნოში წმიდა ეპიფანესთან ერთად, შემდეგ კი აღწერა მისი ცხოვრება. როცა ეპიფანე კვიპროსის კათედრაზე აირჩიეს, მან წმიდა საბიანეს მღვდლად დაასხა ხელი. სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბიანე კვიპროსის მღვდელმთავრად აირჩიეს. წმიდანი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა წმიდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან.
პოლუბიოსი - რინოკირელი ეპისკოპოსი
წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V) წმიდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო, დაყვებოდა მას მოგზაურობებში და იწერდა მასწავლებლის ცხოვრებას და სასწაულებს.
წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინეპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა ეგვიპტეში წასულიყო. წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის დასაფლავებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა.. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულეობაში.
საეკლესიო კალენდარი: 23 მაისი
ერმოგენი, რუსეთის პატრიარქი
მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი დონელი კაზაკების ჩამომავალი იყო. წმიდა ერმოგენი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე 1606 წლის 3 ივლისს აღსაყდრდა
წმიდა ერმოგენის პატრიარქობის წლებს დაემთხვა რუსეთში ცრუ-დიმიტრისა და პოლონეთის მეფის, სიგიზმუდ III-ის შემოჭრა. წმიდა ერმოგენი თანამემამულეებთან ერთად აღსდგა ქვეყნის და ეკლესიის დასაცავად. 1610 წლის 11 დეკემბერს თვითმარქვია მოკლეს, მაგრამ მოსკოვი კვლავინდებურად საფრთხეში იყო: შიგ პოლონელები და სიგიზმუდ III-ის ერთგული, მოღალატე ბოიარები პარპაშებდნენ. პატრიარქ ერმოგენის მიერ მთელი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ეპისტოლეები რუს ხალხს მოსკოვის განთავისუფლებისა და კანონიერი მეფის არჩევისკენ მოუწოდებდა. მოსკოველებმა ამბოხი დაიწყეს, პოლონელებმა კი პასუხად ცეცხლს მისცეს ქალაქი და კრემლში გამოიკეტნენ. მათ მოღალატეების დახმარებით პატრიარქი ერმოგენი ტახტიდან ჩამოაგდეს და გუშაგთა ზედამხედველობის ქვეშ ჩუდოვის მონასტერში გამოამწყვდიეს. პატრიარქმა ერმოგენმა რუს ხალხს უკანასკნელი ეპისტოლე უკვე საპყრობილედან გამოუგზავნა: იგი აკურთხებდა მათ განმანთავისუფლებელ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსმა მხედარმთავრებმა ურთიერთშეუთანხმებელი მოქმედების გამო ვერ შეძლეს კრემლის აღება და ერის სულიერი მამის განთავისუფლება. ცხრა თვეზე მეტი ხნის მანძილზე იტანჯებოდა იგი სატუსაღოში, სადაც 1612 წლის 17 თებერვალს შიმშილისგან ძალაგამოცლილი მოწამეობრივად აღესრულა.
რუსი ხალხის განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. მღვდელმოწამის ცხედარი მადლიერმა ხალხმა ჩუდოვის მონასტერში დაკრძალა, იქიდან კი, 1654 წელს, მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაასვენა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით