ფაშიზმი დემოკრატიის სახელით - მდინარაძე ოპოზიციაზე

ოპოზიციის ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ფასადზე ქართულ დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა არ აღმოჩნდა.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ოპონენტებს აღიზიანებთ საქართველოს დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა, ისინი ცდილობენ ფაშიზმი დემოკრატიად გაასაღონ ევროკავშირის დროშის თემით სპეკულირებით, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
ოპოზიციის ნაწილმა და სოციალური ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა წლისგან განსხვავებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ფასადზე ქართულ დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა არ აღმოჩნდა.
მდინარაძის აზრით, ოპონენტები ცდილობენ ევროკავშირის სიმბოლიკა „მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში" მიმართონ.

„ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით – არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება!" – დაწერა მდინარაძემ.

ოპოზიციის ნაწილმა, როდესაც პარლამენტის შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშა ვერ დაინახა, კვლავ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული გზიდან უხვევს. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშებით მსვლელობის მოწყობისკენ მოუწოდა. „ევროპული იდეა არის ეროვნული იდეა", – დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.
მდინარაძის თქმით, გუშინ თავისუფლების თემისადმი მიძღვნილი ქართული თემატიკის დეკორაციების ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს უკვე ცდილობენ „დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ".

„საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქართული კულტურისა და ტრადიციების, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით და არა მის გარეშე!" – აღნიშნა მდინარაძემ.

წელს დამოუკიდებლობის დღის სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით" და, შესაბამისად, პარლამენტის შენობა საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა, აღნიშნა მანამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პარლამენტის შენობის ფასადის ქართული სიმბოლიკით გაფორმებასთან დაკავშირებით გაღიზიანებას გაუგებარი უწოდა და აღნიშნა, რომ დროშა ისედაც აღმართულია საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ.
ევროკავშირის დროშა ახალი სკანდალის მიზეზი გახდა>>
გასულ წელს დღესასწაულის სლოგანი იყო „ევროპისკენ", რამდენადაც 2022 წლის მარტში ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში პირველად საქართველოს ჰიმნთან ერთად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნიც. პარლამენტის შენობის ფასადზე კი საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა იყო გამოფენილი.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მთავრობის მეთაურ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი ეროვნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.