ვიქტორია ნიკიფოროვა
რესპუბლიკელები და დემოკრატები აშშ-ში ვერაფრით თანხმდებიან სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარზე. ქვეყანას უკვე ერთ კვირაში სრულიად რეალური დეფოლტი ელის, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
ამასთან დაკავშირებით ამერიკელებს გაუჩნდათ კითხვა, უღირთ თუ არა უკრაინის კვლავ დაფინანსება. გამოცემა Hill-ის მიმომხილველმა აღნიშნა, რომ „შეფერხებებმა, რომლებიც გამოწვეულია ვალის ზედა ზღვართან დაკავშირებული ჩიხური ვითარებით და უკრაინის მომავალი კონტრშეტევის წინასწარ განუსაზღვრელი შედეგებით, გადაავადა სერიოზული საუბრები დაფინანსების მომდევნო რაუნდზე“.
იმ ვითარებაში, რომ უკრაინის თემამ დეფოლტის თემის პარალელურად წამოიწია, სავსებით სერიოზული შინაარსი იმალება. იოლი შესამჩნევია, რომ ყოველი დიდი ეკონომიკური კრიზისი აშშ-ში ხელოვნურადაა გამოწვეული. სწრაფად და მოხერხებულად მდიდრდება რამდენიმე ოჯახი, კორპორაცია და ბანკი, მაშინ, როცა აშშ-ის რიგითი მოქალაქეები მასობრივად ღარიბდებიან.
ეს კარგად გამოჩნდა 2008 წელს, როდესაც ისეთმა ბანკებმა, როგორიცაა Goldman Sachs, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიარდი დოლარი მიიღო და წარმატებით დასვა ბალანსი გაკოტრებული გადასახადების გადამხდელების ხარჯზე.
მაგრამ აშშ-ის მოქალაქეები ძალიან რომ არ აღშფოთდნენ, მათთვის ყოველ ჯერზე იგონებენ მიზეზებს, თუ რატომ დაკარგეს ამჯერად სახლი, სამსახური თუ საპენსიო დანაზოგი. ხშირად ეს მიზეზი - ომია.
2008 წლის რეცესია ახსნეს ერაყსა და ავღანეთში ომებზე გაწეული ხარჯით. ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო ვიეტნამის ომი. საქმე ისაა, რომ 1970-იანი წლების დასაწყისში აშშ მორიგმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. ინფლაცია, სახელმწიფო ვალის ზრდა, დოლარის გაუფასურება, მოქალაქეთა მასობრივი აღშფოთება. პრეზიდენტმა ნიქსონმა ისიც კი თქვა, რომ ამერიკული დოლარი აღარ იყო გამყარებული ოქროთი.
ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის ეს დეფოლტი იქნებოდა, მაგრამ მაშინ, 70-იანების დასაწყისში მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეები თამაშის ახალ წესებზე შეთანხმდნენ – დოლარი საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი იყო. მაგრამ დოლარს გაუფასურებამაც არ უშველა: ეკონომიკურ კრიზისს შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ 80-იანებში დააღწია თავი.
ვისთვის შეიძლებოდა 70-იანების რეცესიის დაბრალება? რასაკვირველია, სამხრეთ ვიეტნამისთვის. მოულოდნელად გამოირკვა, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელები, რომლებიც თავს ვაშინგტონის საუკეთესო მეგობრებად მიიჩნევდნენ, კორუფციონერები აღმოჩნდნენ; რომ ვიეტნამზე უაზროდ დაიხარჯა დიდი ფული. აშშ-ის კონგრესმა უარი თქვა სამხრეთ ვიეტნამელების დაფინანსებაზე, ამერიკელები საიგონიდან წავიდნენ.
„ვიეტნამის ომმა... შექმნა აშშ-ის საგადახდო დეფიციტი, რამაც დოლარის დევალვაცია და ბრეტონ-ბუდის სისტემის დასასრული გამოიწვია“, – იუწყებოდა 1973 წელს The New York Times.
დღეს ეკონომიკური სიტუაცია აშშ-ში გაცილებით უარესია, ვიდრე 1970-იანების დასაწყისში. ინფლაცია 1,5-ჯერ მაღალია, სახელმწიფო ვალი 30-ჯერ გაიზარდა. დოლარის მსყიდველობითი უნარი დაეცა. ნახევარი საუკუნის წინ აშშ-ს საკუთარი წარმოება ჰქონდა, მას შემდეგ კი ბევრი წარმოება საზღვრებს გარეთ გაიტანეს. რაც მთავარია, მსოფლიოში პრაქტიკულად არ დარჩა ქვეყანა, რომელიც მოისურვებს ამერიკული დოლარის გადარჩენას.
ვაშინგტონისთვის არაფერია იმაზე ხელსაყრელი, ვიდრე ყველა ეკონომიკური სირთულის, მათ შორის, დეფოლტის გადაბრალება უკრაინისთვის. ისმის კითხვა – საერთოდ რა შუაშია კიევი? ათობით მილიარდი, რომელიც ვაშინგტონმა რუსეთთან ომისთვის გამოყო, ეს ხომ ზღვაში წვეთია. თუმცა აშშ-ს ვიეტნამის ომიც საკმაოდ იაფი უჯდებოდა. წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარი, მთელი სამხედრო ბიუჯეტის არაუმეტეს ხუთი პროცენტი.
უბრალოდ ვიეტნამი მასმედიის ყურადღების ცენტრში იყო. მასზე წერდნენ, საუბრობდნენ, ფილმებს იღებდნენ, დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ. აშშ-ის ელიტისთვის იოლი იყო ყველაფრის ვიეტნამის ომზე გადაბრალება – ინფლაციისაც, უმუშევრობისაც, მასობრივი გაკოტრებებისაც, დოლარის გაუფასურებისაც. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უკრაინაა. ახალი ამბების სააგენტოები სულგანაბული ადევნებენ თვალს ქვეყნის ხაკისფერმაისურიანი ხელმძღვანელის მოგზაურობას.
შესაძლოა, ზელენსკის ეჩვენება, რომ ეს დიდების მწვერვალია, სინამდვილეში ასე აფერადებენ სამსხვერპლო ცხოველს მანამ, სანამ ყელს გამოჭრიან.
თუ წელს არა, მომავალ წელს მაინც ამერიკელები აუცილებლად დანიშნავენ უკრაინას პასუხისმგებლად თავიანთ ეკონომიკურ კრიზისზე. მოითხოვენ ვალის დაბრუნებას და ლენდლიზის საფასურს პროცენტებით.
გაცილებით საინტერესოა სხვა რამ: ორმოცდაათი წლის წინ ამერიკელებმა გააუფასურეს დოლარი, როდესაც განაცალკევეს ოქროსგან. როგორ მოიქცევიან დღეს მისი ტოქსიკურობის გათვალისწინებით?
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე