ცხოვრების დონე საქართველოში - მოსახლეობის შემოსავლებმა ხარჯებს გადააჭარბა: „საქსტატი“

2022 წელს ყოველთვიური შემოსავალი ერთ ოჯახზე გაიზარდა 19%-ით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე – 18,6%-ით.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიურმა შემოსავალმა 2022 წელს 1,6 მილიარდი ლარი შეადგინა და ყოველთვიურ ხარჯებს 42 მილიონით გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
უწყების ცნობით, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე 17,3%-ით გაიზარდა, ხოლო ყოველთვიური ხარჯების დონე – 20,3%-ით.
ამასთან, შემოსავალი ერთ ოჯახზე 2022 წელს წელიწადში 19%-ით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 18,6%-ით გაიზარდა. ხარჯების კუთხით, ერთ ოჯახზე ხარჯები წელიწადში გაიზარდა 22%-ით, ხოლო ერთ ადამიანზე – 21,7%-ით.

შემოსავალები საქართველოში

საშუალო ყოველთვიურმა შემოსავალმა ერთ ოჯახზე საქართველოში 1.453,8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე – 432,7 ლარი.
ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავალი და გზავნილები, რომლებიც 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ოჯახის მთლიანი შემოსავლის 86,9% შეადგინა.
საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ძირითად წყაროს ხელფასები წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მიერ მიღებული მთლიანი ფულადი შემოსავლის 46,1%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა (პენსიები, დახმარება და სტიპენდიები – 21,6%), მესამეზე კი თვითდასაქმების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (12,4%).
შემდეგ მოდის საჩუქრად მიღებული სახსრები (7,8%), სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (7,6%), უცხოეთიდან გადარიცხვები (4%) და საცხოვრებლის გაქირავებიდან მიღებული თანხა (1%).

მოსახლეობის ხარჯები

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს ოჯახის საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 1.413,6 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ადამიანის – 420,7 ლარი.
ამასთან, ნაღდი ფულადი ხარჯები ყველა ხარჯის 71,5%-ს შეადგენს.
საქართველოს მოსახლეობა სახსრების ძირითად ნაწილს საკვებზე, სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს. ეს შეადგენს მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 41,8%-ს.
მეორე ადგილზეა სამედიცინო მომსახურება (12%), მესამეზე კი კომუნალური გადასახადები და ტრანსპორტია. თითოეულ ამ კატეგორიაზე ხარჯების 11,8% მოდის.
შემდეგ მოდის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, საყოფაცხოვრებო ნივთები და განათლება. კიდევ 13% სხვა სამომხმარებლო ხარჯს შეადგენს.