ევროკავშირის დროშა ახალი სკანდალის მიზეზი გახდა

წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით", შესაბამისად, პარლამენტის შენობა საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა, აცხადებენ მმართველ გუნდში.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პარლამენტის შენობის ფასადის ქართული სიმბოლიკით გაფორმებასთან დაკავშირებით გაღიზიანება გაუგებარია, ევროკავშირის დროშა ხომ ისედაც აღმართულია საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილმა და სოციალური ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლისგან განსხვავებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის ფასადზე გამოფენილი არ არის ბანერები ევროკავშირის დროშის გამოსახულებით.

„პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს. რატომ სწყინთ, არ ვიცი", – განაცხადა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

დეპუტატის თქმით, ბანერები, რომელთაც პარლამენტის შენობის ფასადზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამონტაჟებენ, ყოველწლიურად თემატიკის მიხედვით იცვლება.
„მე ასე მახსოვს, ასე ახსოვს საზოგადოებას და ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ჩვენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს დროშის ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ ქვეყნის მთავარ დღესასწაულს", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის გაფორმებაში ოპოზიციამ ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხე დაინახა. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დამოუკიდებლობის დღეს შეიკრიბონ და ევროკავშირის დროშებით მოაწყონ მსვლელობა. „ევროპული იდეა არის ეროვნული იდეა“, – დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ოპოზიციის უკმაყოფილებას აბსურდი უწოდა.

„ჩვენი ოპონენტები პოლიტიკურად რომ დაბრმავებული არიან, ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, საერთოდ დაბრმავდნენ. ევროკავშირის დროშა საქართველოს დროშასთან ერთად ახლაც რომ ფრიალებს პარლამენტის წინ, მაშინ რა ლოგიკით გვაქვს ის დატოვებული?! სრული აბსურდი!" – განაცხადა ამილახვარმა.

წელს დამოუკიდებლობის დღის სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით" და, შესაბამისად, პარლამენტის შენობა საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა, აღნიშნა ამილახვარმა.
გასულ წელს დღესასწაულის სლოგანი იყო „ევროპისკენ", რამდენადაც 2022 წლის მარტში ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. შარშან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში პირველად საქართველოს ჰიმნთან ერთად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნიც. პარლამენტის შენობის ფასადზე კი საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა იყო გამოფენილი.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი ეროვნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.