მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა როკ-ენ-როლის დედოფალი ტინა ტერნერი

ტინა ტერნერი შვეიცარიაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. გარდაიცვალა როკ-ენ-როლის დედოფალი, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ტინა ტერნერი. მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი მის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როკ-ენ-როლის დედოფალი ტინა ტერნერი დღეს მშვიდად აღესრულა 83 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში, კუსნახტში, ციურიხის მახლობლად, შვეიცარიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტინა ტერნერი ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობია, რომლის კარიერა 60 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“.
როგორც მსოფლიოს შოუბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.
სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით და ა.შ. 2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50-წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის ეს ტური იქცა ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად.
2021 წელს, 81 წლის ასაკში ტინა ტერნერი სცენას გამოემშვიდობა.