მოსკოვი ირანსა და EAEU-ს შეთანხმებას წლის ბოლომდე ელოდება

Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მოსკოვი ელის, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა (EAEU) და ირანს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღწეული, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

„იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ EAEU-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის წლის ბოლომდე გაფორმდება. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც ამჟამად მოქმედ დროებით შეთანხმებას ჩაანაცვლებს“, — განაცხადა მან.

თებერვლის დასაწყისში ირანში რუსეთის ელჩმა ალექსეი დედოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანსა და EAEU-ს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იყო. მისი თქმით, მხარეები უმეტეს საკითხზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა გარკვეული კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე ორმხრივი წვდომის თემა გადაუჭრელი რჩებოდა.