თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, არ დააწესა სათანადო კონტროლი სკოლის საბანკო ანგარიშზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს – უკანონოდ მიეთვისებინა 57.758 ლარი.
რაც შეეხება აღნიშნული სკოლის ბუღალტერს, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. მისი, ისევე, როგორც №22 სკოლის დირექტორის საქმე, უკვე არსებით განხილვაშია.
რაც შეეხება ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს, პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.