წითელა საქართველოში - ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშეა

ბავშვებს წითელაზე ორჯერ ცრიან – 1 წლის და 5 წლის ასაკში.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს სერიოზული შედეგები ელის, თუ უახლოეს დროში 10 ათასი ბავშვი არ აიცრება წითელაზე, განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 5 წლის ასაკის 10 ათასი ბავშვი, რომელიც წითელაზე აუცრელია. შედარებისთვის, 100.000 ჩუტყვავილით ინფიცირებულ პირზე ერთი ლეტალური შემთხვევა მოდის, წითელას შემთხვევაში კი 3000 შემთხვევაზე ერთი ლეტალური გამოსავალია.

„თუ წითელასა და ჩუტყვავილას ერთმანეთს შევადარებთ, მათ შორის უზარმაზარი სხვაობაა. რა თქმა უნდა, წითელა გაცილებით საშიშია. ჩვენ ახლა ძალიან სერიოზულ ზღვარზე ვიმყოფებით. თუ უახლოეს დროში არ გავზრდით წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვას ხუთი წლის ასაკის ბავშვებში, უკვე გვექნება ლეტალობის არა ერთი ან ორი შემთხვევა, არამედ გაცილებით მეტი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

სპეციალისტის თქმით, აცრების გამოტოვების მაჩვენებელი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, ფიქსირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
2018-2019 წლებში საქართველოში წითელას ეპიდემია მძვინვარებდა. 2019 წლის სულ რაღაც რამდენიმე თვეში საქართველოს 4 ათასამდე მოქალაქეს წითელა დაუდგინდა, მაშინ, როდესაც ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა.
მაშინ ორი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა. ორივე იყო ბავშვი და არცერთი არ იყო აცრილი წითელაზე.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებს ორჯერ უტარდებათ – ერთი წლის ასაკში და ხუთი წლის ასაკში. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, წესით ორჯერ უნდა იყოს აცრილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000 წლიდან 2017 წლამდე წითელაზე ვაქცინაციის შედეგად წითელათი გამოწვეული გლობალური სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა.
საქართველოში აცრების ეროვნულ კალენდარში შედის ტუბერკულოზის, В ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, В ტიპის ჰემოფილიური ინფექციის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურას, ყბაყურას ინექციები.
ბოლო წლებში ეროვნულ კალენდარში პაპილომა–ვირუსის საწინააღმდეგო აცრა დაემატა. მას უკეთებენ 10-12 წლის გოგონებს. ის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს ამცირებს.