წალენჯიხაში „იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

წალენჯიხაში ყოველთვიურად ჩამოვლენ იტალიური კლუბის წარმომადგენლები და ნორჩ ფეხბურთელებს დააკვირდებიან.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. იტალიის ერთ-ერთმა წამყვანმა საფეხბურთო კლუბმა, ტურინის „იუვენტუსმა“ წალენჯიხაში ბავშვთა ფეხბურთის აკადემია გახსნა.
პროექტის ინვესტორი TBC Bank-ის დამფუძნებელი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძეა.
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი თვე გაგრძელდა. კონტრაქტის მიხედვით, კლუბის წარმომადგენლები ყოველთვიურად ჩამოვლენ წალენჯიხაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდებიან.

„ბავშვებს უკვე გადაეცათ ეკიპირება და ვარჯიშს შეუდგნენ. მათ როგორც ქართველი, ისე ტურინელი სპეციალისტები მოამზადებენ", – დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, აკადემიის გახსნით საქართველო აჩვენებს, რომ ეს არის ნიჭიერი ადამიანების, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელების სამშობლო.
ტურინის კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ხელი 2023 წლის 30 მარტს მოეწერა.