პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალებულებს შორის ოთხი მსჯავრდებული ქალია.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და ისინი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეწყალებულთა შორის ოთხი მსჯავრდებული ქალია.
პრეზიდენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოსცემს შეწყალების აქტს ინდივიდუალურად, განსაზღვრული პირის მიმართ.
შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს, ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია