თბილისი, 23 მაისი — Sputnik. არსებობს შესანიშნავი მეთოდი ნერვულ აშლილობასთან გასამკლავებლად, რათა ის დეპრესიაში არ გადაიზარდოს და შედეგად სხვადასხვა ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, ასევე სერიოზული ემოციური პრობლემები არ გაჩნდეს, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, თანამედროვე ყოველდღიურობა სხვადასხვა სახის პრობლემებითაა სავსე, რომელთა გადაჭრასაც დიდი ძალისხმევა, დრო და, რაც მთავარია, ნერვები სჭირდება. ამიტომაცაა საჭირო, რომ თითოეულმა ადამიანმა მოძებნოს მეთოდი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნერვულ სისტემაზე დატვირთვას.
ფსიქოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ნერვულ დაძაბულობასთან გასამკლავებლად საუკეთესო გზა აფირმაციების წარმოთქმაა, რომელთა ეფექტიც პრაქტიკითაა დადასტურებული.
აფირმაცია — ეს დადებითი შინაარსის მტკიცებითი ფორმის ფრაზებია, რომლებიც სწორი ფსიქოლოგიური განწყობის ჩამოყალიბებაში ეხმარება ადამიანს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, აფირმაცია არის ქვეცნობიერის დაპროგრამების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ და მოიზიდოთ ის, რაც გსურთ, რომ მოხდეს (ახდეს).
ფსიქოლოგების თქმით, აფირმაციაში ჩადებული დადებითი განწყობა ადამიანის ქვეცნობიერში იდგამს ფესვებს და ხელს უწყობს მისი ცხორების პოზიტიურ ცვლილებებს. საქმე ისაა, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამეორებული დადებითი ფრაზა ეხმარება ადამიანს, უფრო თავდაჯერებული გახდეს და ამასთან ბევრად ბედნიერად და მშვიდად იგრძნოს თავი.
ქვემოთ რამდენიმე აფირმაციას შემოგთავაზებთ მაგალითისთვის, რომლებიც, ფსიქოლოგების თქმით, სტრესთან ბრძოლაში გამოგადგებათ.
ანტისტრესული აფირმაციები
მე შემიძლია გავუმკლავდე ყველა ცხოვრებისეულ სირთულეს;
მე ვიმსახურებ სიყვარულს, პატივისცემასა და ზრუნვას;
მე შემიძლია ყველა სიტუაციაში ვიპოვო პოზიტივი;
სავსე ვარ ენერგიითა და სასიცოცხლო ძალით;
მე ვიღებ ჩემს შეცდომებს და ვსწავლობ მათზე;
მე შემიძლია რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნა;
წარსული უკან დარჩა, ცხოვრებას აწმყოში განვაგრძობ;
მე მჯერა ჩემი თავისა და ჩემი შესაძლებლობებისა;
მიყვარს და პატივს ვცემ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ვარ;
ვენდობი საკუთარ ბედს და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება;
მე ვმართავ საკუთარ ემოციებსა და რეაქციებს;
ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია ვიყო მშვიდი და გაწონასწორებული;
ვიცი, რომ ამ სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ;
მე ვიმსახურებ წარმატებასა და კეთილდღეობას;
ვიცი, რომ ყოველდღე უკეთესი და უფრო ძლიერი ვხდები;
შემიძლია სტრესთან და ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავება;
მჯერა, რომ ყველაფერი შემიძლია;
შესანიშნავი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მე — მე ვარ...
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შეგიძლიათ ამ აფირმაციებიდან აირჩიოთ ის ერთი ან რამდენიმე ფრაზა, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ და უხდება თქვენს მდგომარებას, შეგიძლიათ — საკუთარი შექმნათ.
წარმოთქვით ეს დადებითი ენერგიის მატარებელი ფრაზები რეგულარულად, განსაკუთრებით, დილით და საღამოს, ვინაიდან ქვეცნობიერი გადაპროგრამებას სწორედ ამ დროს ემორჩილება ყველაზე უკეთ.
თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, რამდენიმე კვირაში შენიშნავთ, რომ სტრესები ვეღარც თქვენს ნერვიულ სისტემაზე ახდენს ძველებურად ძლიერ უარყოფით გავლენას, და ვეღარც თქვენს ცხოვრებაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!