უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ ერთი საყოველთაოდ ცნობილი პორტრეტი, რომელიც ლამის ყველა მეორე ოჯახში ჰქონდათ გამოფენილი. საუბარია „რუსულ ჯოკონდად“ ცნობილ ტილოზე, რომელიც მხატვარ ივან კრამსკოის ეკუთვნის და „უცნობი ქალი“ ჰქვია.
სპეციალისტები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ, ვინ იყო პორტრეტზე გამოსახული. მათი ერთი ნაწილი „უცნობ ქალს“ კნიაჟნა ტარაკანოვად მიიჩნევდა, მეორე — თავად ბესტუჟევზე გათხოვილ გლეხის ქალ მატრონა სავიშნად, რომლის სილამაზესაც პირდაპირ დაეტყვევებინა მხატვარი...
მაგრამ სინამდვილეში სურათზე რუსეთში გადახვეწილი ქართველი თავადის ქალი ვარია ტურკესტანოვა, იგივე ბარბარე თურქესტანიშვილია.
თურქესტანიშვილების გვარი ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან მოიხსენიება. ამ გვარის წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ მეფესთან დაახლოებულები და ხშირად სახელმწიფოებრივ თანანმდებობებსაც იკავებდნენ. XVII-XVIII საუკენეთა მიჯნაზე თურქესტანიშვილების გვარი კიდევ უფრო დაწინაურდა. ისინი განსაკუთრებულ გავლენას ახდენდნენ სამეფო კარზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მაგალითად, ბაადურ თურქესტანიშვილი ვახტანგ VI-ის მრჩეველი იყო და ხშირად ასრულებდა დიპლომატიურ და საიდუმლო დავალებებს. სწორედ მას ჩამოუტანია პეტრე პირველისგან რუსეთში მიპატიჟების წერილი. საბოლოოდ ის რუსეთში გადახვეწილ ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა რუსეთში და მთელი ოჯახით იქვე დაფუძნდა.
რაც შეეხება ბარბარე თურქესტანიშვილს, ის თელავში დაიბადა 1775 წელს. მამამისი, რუსეთის არმიის გენერალი ილია თურქესტანიშვილი, იმხანად საქართველოში მსახურობდა და, რაღა თქმა უნდა, ცოლიც, მარია ერიოპკინაც თან ახლდა.
14 წლისა იყო ბარბარე, როდესაც დედა გარდაეცვალა, 20 წლისამ კი მამაც დაკარგა და დაობლდა. სწორედ იმ პერიოდში გახდა რუსეთის იმპერატორ პავლე პირველის ქვრივის მარია ფიოდოროვნას ფრეილინა, მერე კი ალექსანდრ პირველის მეუღლის ელიზავეტა ალექსეევნას სეფე-ქალი.
სასახლეში მოხვედრაში მას გრაფ ფიოდორ ტოლსტოის ბიძა დახმარებია, რის შესახებაც ის თავად წერდა მოგონებებში:
„ბიძაჩემთან ძალიან ხშირად სტუმრობდა კნიაჟნა ტურკესტანოვა... ძალიან ჭკვიანი, მოქნილი, მხიარული და მეტად საინტერესო მოსაუბრე. ჩემი პატივცემული ბიძია, როგორც მეჩვენებოდა, თავს ევლებოდა მას და მალე სწორედ მისი თხოვნით გახდა კიდეც ის ფრეილინა სასახლის კარზე“.
ვარია ტურკესტანოვად ქცეული თავადის ქალი მეტად ლამაზიც ყოფილა და განათლებულიც. ამას ყველა აღიარებდა, მათ შორის პეტერბურგში სამსახურად გამწესებული ფრანგი თუ შვეიცარიელი დიპლომატები.
მისი თანამედროვეები წერდნენ, რომ ბარბარეს გამოხედვიდან თუ მიხვრა-მოხვრიდან ჭარბად გამოსჭვიოდა სიმკვირცხლე და უჩვეულობა, „თანაც გაწონასწორებული საუცხოო აღზრდით“, რაც „ამ გონებრივად და გარეგნულად წარმტაც პიროვნებას მეტ ხიბლსა და სინატიფეს ანიჭებდა“.
„თავადის ასული ტურკესტანოვა გამოირჩეოდა დიდი გონიერებით, ფართო, საფუძვლიანი განათლებით, სათნო და რამდენადმე ფანტასტიკური გატაცების ბუნებით. აზიური წარმოშობა მას აღმოსავლელი ქალის თვალისმომჭრელ ელვარებას მატებდა“.
პეტერბურგში ლიტერატურული სალონი ჰქონია გახსნილი, სადაც რუსეთის მთელი მაშინდელი ელიტა იყრიდა თავს. არც მშობლიურ თელავს ივიწყებდა, სადაც წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი (პროგიმნაზია) გაიხსნა მისი ინიციატივით და რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა პეტერბურგიდან.
სამწუხაროდ, სილამაზე ექცა ვარია ტურკესტანოვას ბედისწერად. ვარენკას გული შევარდნოდა ალექსანდრ პირველზე. წერდა კიდეც ერთ-ერთ თავის მეგობარს – ეს კაცი ხელმწიფე რომ არ იყოს, ვინატრებდი მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა, ის ერთ-ერთი ულამაზესი მამაკაცია დედამიწის ზურგზეო.
არადა, იმპერატორსაც უკვე დაედგა თვალი მისთვის. ბევრი ფავორიტი ქალი ჰყავდა ხელმწიფეს, მაგრამ ბარბარემ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მოგებას — გამორჩეულად ცდილობდა. ერთხელ უძვირფასესი კამეა გაუგზავნია საჩუქრად, რომელზეც ბარბარე იყო გამოსახული და წარწერა ჰქონდა: „ჩემს რჩეულს“... მაგრამ რომანი მალე ტრაგიკულად დასრულდა.
ბარბარე თურქესტანიშვილს იმპერატორის ოფიციალურ ფავორიტობაზე პრეტენზია არ ჰქონია. ამიტომ ცდილობდა მასთან სასიყვარულო ურთიერთობა ყველასთვის დაფარული ყოფილიყო. მაგრამ...
1818 წლის შემოდგომაზე იმპერატორის დედამ თავადის ქალი ევროპაში სამოგზაუროდ იახლა. ავსტრიაში იყვნენ, როცა ბარბარე შეუძლოდ გახდა. საგანგებოდ მიწვეულმა ექიმმა ფრეილინა გულდასმით გასინჯა და უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. თავზარი დაეცა ქალს, მაგრამ არავის არაფერი გაუმხილა.
რუსეთში დაბრუნებული ბარბარე კვლავ საიდუმლოდ ინახავდა ფეხმძიმობის ამბავს. არც იმპერატორს ეუბნებოდა სიმართლეს, რომელიც მეტად ფორიაქობდა საყვარელი ქალის ავადმყოფობის გამო, სთხოვდა, განსაკუთრებულად ეზრუნა ჯანმრთელობაზე.
ბარბარე მეგობარსაც კი სწერდა ამის შესახებ – დიდ ბატონს სურს, რომ განსაკუთრებით ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე, თითქოს ეს შესაძლებელი იყოსო.
ვარია ტურკესტანოვამ 1819 წლის 20 მარტს იმშობიარა, გოგონა შეეძინა, რომელსაც მარია, მოფერებით მილი დაარქვეს. ორი თვის შემდეგ კი საწამლავი დალია იმპერატორის საყვარელმა ქალმა...
ბარბარე თურქესტანიშვილი 20 მაისს გარდაიცვალა, 43 წლისა, და სამარეში წაიღო იმპერატორის სიყვარულის საიდუმლო. სასახლის კარმა ბარბარეს სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ქოლერა დაასახელა.
რაც შეეხება ახალშობილ გოგონას, ის 24 წლის თავადმა ვლადიმირ გოლიცინმა იშვილა, რომელსაც უგონოდ შეჰყვარებოდა ბარბარე. დაქორწინებასაც აპირებდა მასზე, ერთ ღამეს თვალი რომ არ მოეკრა, როგორ გამოდიოდა ვარენკა იმპერატორის ოთახიდან. მაგრამ ვერც ამან გაუნელა სიყვარული ახალგაზრდა გოლიცინს, დაობლებული ბავშვის მამად გამოაცხადა თავი და თვითონ გაზარდა ობოლი გოგონა.
სამწუხაროდ, ვერც მარია-მილი გამოდგა ბედნიერი. 24 წლისა იყო, როცა გარდაიცვალა. მასაც დარჩა შვილი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა იმპერატორ ბაბუას.
გამოხდა ხანი. და ერთ დღეს მხატვარმა ივან კრამსკოიმ იმპერატორ ალექსანდრ I-ის შეკვეთით დამზადებული და საყვარელი ქალისთვის ნაჩუქარი ძვირფასი კამეა ნახა, რომელზეც ულამაზესი ბანოვანი იყო გამოსახული. ეს ვარვარა ტურკესტანოვა, იგივე ბარბარე თურქესტანიშვილი გახლდათ. სწორედ ის იქცა მხატვრის მუზად, რომელმაც „უცნობი ქალის“ შედევრალური პორტრეტი უძღვნა ქართველი თავადის ასულის ხსოვნას.
სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ მხატვარს პორტრეტის დახატვაში ახალგაზრდა ქართველი ქალი ეხმარებოდაო...