არა მხოლოდ ბიზნეს-კონტაქტები: რას მიაღწია ქართულმა დელეგაციამ კატარში

ფორუმში მონაწილეობენ 40 ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოსა და კატარს შორის გაფორმდება ხელშეკრულება ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო დროს ქვეყნისადმი მზარდი ინტერესი შეინიშნება.
„განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან და მათ შორის, კატარელი ინვესტორების მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი განცხადებით, საქართველოსა და კატარს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შარშან გაფორმებული შეთანხმება კატარიდან დამატებითი პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც ასევე აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.
ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. ფორუმში მონაწილეობენ 40 ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები.