მსოფლიო დღეს

NASA-ს მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ აღმოცენდა დედამიწაზე სიცოცხლე

Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. დედამიწაზე სიცოცხლის ძირითადი კომპონენტები შესაძლოა მზის აფეთქებების შედეგად იყოს წარმოშობილი, ნათქვამია ბოლოდროინდელ კვლევაში, რომელიც NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს.
კვლევამ აჩვენა, რომ მზის ენერგიის ნაწილაკების შეჯახებას დედამიწის თავდაპირველი ატმოსფეროს აირებთან ცილებისა და ორგანული სიცოცხლის ძირითადი ელემენტების – ამინომჟავებისა და კარბოქსილის მჟავების წარმოქმნა შეეძლო.

„სიცოცხლის წარმოშობის გასაგებად ბევრი მეცნიერი ცდილობს ახსნას, თუ როგორ წარმოიქმნება ამინომჟავები, რომლებიც ქმნიან ცილებსა და უჯრედული სიცოცხლის ყველა ფორმას“, — ნათქვამია გოდარდის ცენტრის პრესრელიზში.

როგორც მკვლევარები განმარტავენ, ასეთი იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს წარმოიშვა, როდესაც მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ სიცოცხლე შესაძლოა „ქიმიური ელემენტების სუპის“ მსგავს „პატარა თბილ გუბურაში“ აღმოცენებულიყო. მათი აზრით, „გუბურაში“ ელვის, სითბოს ან ენერგიის სხვა წყაროებით გააქტიურებული ქიმიური ელემენტები კონცენტრირებული რაოდენობით შეერივნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც წარმოიქმნა კიდეც ორგანული მოლეკულები.
თუმცა დედამიწის ადრეული ატმოსფეროს კომპონენტების ძიება 1953 წელს დაიწყო, როდესაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერი სტენლი მილერი შეეცადა დედამიწის პირვანდელი პირობები ლაბორატორიაში შეექმნა.
ამისათვის მილერმა ჰერმეტული ოთახი მეთანით, ამიაკით, წყლითა და მოლეკულური წყალბადით შეავსო (ეს ის აირებია, რომლებიც, სწავლულთა ვარაუდით, შეადგენდა კიდეც დედამიწის ადრეულ ატმოსფეროს), მერე კი ოთახში რამდენჯერმე მოახდინა ელვის სიმულაცია. ერთი კვირის შემდეგ მილერმა და მისმა გუნდმა ოთახის „შიგთავსი“ გააანალიზეს და დაადგინეს, რომ იქ 20 სხვადასხვა ამინომჟავა იყო წარმოქმნილი.
ახლანდელი კვლევების ფარგლებში კი NASA-ს მეცნიერებმა გაზების ნარევი შექმნეს, რომელიც, თანამედროვე წარმოდგენით, დედამიწის ადრეული ატმოსფეროს შემადგენლობას შეესაბამებოდა.
ეს იყო ნახშირორჟანგის, მოლეკულური აზოტის, წყლისა და მეთანის ცვლადი რაოდენობის ნარევი. ცვლადი იმიტომ, რომ დედამიწის ადრეულ ატმოსფეროში მეთანის პროცენტული შემადგენლობა უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ის დაბალი იყო. შემდეგ გაზების ნარევს პროტონებით „ბომბავდნენ“ (მზის ნაწილაკების სიმულაციისთვის), ან ნაპერწკლის მუხტით წვავდნენ (ელვის სიმულაციისთვის).
შედეგად მკვლევართა ჯგუფმა დააფიქსირა, რომ მეთანის შემცველობა ნარევში 0,5%-ზე მეტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროტონების (მზის ენერგიის ნაწილაკების) მიერ გამოყოფილი ნარევები ამინომჟავებსა და კარბოქსილის მჟავებს, ანუ სიცოცხლის ძირითად ელემენტებს შესამჩნევი რაოდენობით აწარმოებენ.
რაღა თქმა უნდა, ბუნებრივ პირობებში, როდესაც საქმეში ნამდვილი მზე და ელვა იქნებოდა ჩარეული, სიცოცხლის ელემენტების გაჩენა ბევრად უფრო სწრაფად მოხდებოდა.