თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ქვეყანაში როგორც რუსი ტურისტების, ასევე იმ რუსული კომპანიების შემოსვლას, რომლებიც არ არიან სანქციების ქვეშ, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პოლიტიკოსები, რომლებსაც „ქართულ ოცნებაში“ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლებს უწოდებენ, პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობის შესახებ. ისინი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ.
„მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მან აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ დღეს ის ოპოზიციონერები, რომლებსაც წარსულში, ხელისუფლებაში ყოფნისას რუსი ტურისტების ჩამოსვლა უხაროდათ.
„ჩამოვიდნენ ბიზნეს-კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებული. მივესალმებით ამას, არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სისტემატურად ახსენებენ თავიანთ ოპონენტებს იმას, რომ სწორედ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და პირადად შეხვდა რუს ტურისტებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა.
მოსკოვმა ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.