თბილისში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული ფესტივალი გაიმართება

მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ათასზე მეტი დელეგატი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. პირველი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point თბილისში 9 ივნისს გაიმართება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
Touch.point 6 წელია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის საერთაშორისო კონფერენციას ატარებს საქართველოში. ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლებაა.
მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ათასზე მეტი დელეგატი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებაზე 25 საერთაშორისო და ადგილობრივი მომხსენებელი წარდგება.
კერძოდ, ღონისძიებაზე გამომსვლელები იქნებიან მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა Nike, Media.Monks, Smartly.io, ცნობილი სოციალური ქსელები და სხვა. გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და სხვა.
ფესტივალზე იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი, ბრენდი და კულტურა, მომხმარებელთა ქცევა, მარკეტინგის ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, ციფრული კონტენტი და „სტორიტელინგი“, მარკეტინგული მეტასამყარო.
გარდა ამისა, ყველა ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გამორჩეული ნამუშევრების ავტორები კი ღონისძიების პარტნიორებისგან საინტერესო ჯილდოებს მიიღებენ.