თბილისი, 20 მაისი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის ახლობლებმა საქართველო დატოვეს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურზე დაყრდნობით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
„მივიღე პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ქორწილი აღარ ჩატარდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები „ყვარლის ტბის“ (Kvareli Lake Resort) სასტუმროსთან შაბათს, 20 მაისს ღამით შეიკრიბნენ, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სერგეი ლავროვის ქალიშვილის, ეკატერინა ვინოკუროვას იქ ყოფნის შესახებ. ოპოზიციური ტელეარხები აცხადებენ, რომ შაბათს სასტუმროში ეკატერინას მეუღლის ძმის, ალექსანდრ ვინოკუროვის ქორწილი იმართება. ხელმოწერის ცერემონია თბილისში პარასკევს გაიმართა.
სასტუმროსთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დღეს 16 პირი დააკავეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია მიკროავტობუსმა დატოვა. აქციის მონაწილეების თქმით, მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ სტუმრები რუსეთიდან. აქციის მონაწილეებმა მიკროავტობუსს კვერცხები დაუშინეს, რის შედეგადაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადგილზე ღამიდან იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დააარსა. სასტუმროს პერიმეტრს პოლიცია იცავს.
პარასკევს Kvareli Lake Resort-მა დეზინფორმაცია უწოდა მედიის ბრალდებებს, რომ ლავროვის ქალიშვილი ამ სასტუმროში იმყოფება. მედიის ნაწილი იუწყებოდა, რომ ქორწილზე ჩამოსული სტუმრების ნაწილი ამ სასტუმროში დაბინავდა.
გუშინვე კომენტარი გააკეთა მეორე სასტუმრომ - Akhasheni Wine Resort and Spa-მ, რადგან ოპოზიციურმა ტელეარხებმა განაცხადეს, რომ სტუმრები რუსეთიდან ორ სასტუმროში დაბინავდნენ - Kvareli Lake Resort-სა და khasheni Wine Resort and Spa-ში.
Akhasheni Wine Resort and Spa-ს კომენტარში ნათქვამია, რომ ლავროვის გვარით ნომერი არავის დაუჯავშნია. სასტუმროს ადმინისტრაციამ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და პროვოკაცია უწოდა.
სამი საათის შემდეგ სასტუმრომ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ იღებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და ემსახურება ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით.