თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კახეთის რეგიონში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ (Kvareli Lake Resort), სადაც აქციის ორგანიზატორების განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებიან, პოლიციამ აქციის ათამდე მონაწილე დააკავა, იუწყება „TV პირველი“.
ღამიდან ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დააარსა. სასტუმროს პერიმეტრს პოლიცია იცავს.
დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები დიმა ჩიქოვანი, ლაშა ხუსკივაძე, ნიკა ნარსია, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები სასტუმროსთან შაბათს, 20 მაისს ღამით შეიკრიბნენ, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სერგეი ლავროვის ქალიშვილის, ეკატერინა ვინოკუროვას იქ ყოფნის შესახებ. ოპოზიციური ტელეარხები აცხადებენ, რომ შაბათს სასტუმროში ეკატერინას მეუღლის ძმის, ალექსანდრ ვინოკუროვის ქორწილი იმართება. ხელმოწერის ცერემონია თბილისში პარასკევს გაიმართა.
„ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ. არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
მისი თქმით, Kvareli Lake Resort-ის ადმინისტრაციამ დაუდასტურა მათ, რომ სასტუმროში სერგეი ლავროვის ნათესავები იმყოფებიან.
„დილის 5 საათისთვის ჩვენ მეგობრებთან ერთად მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, მანამ, სანამ პოლიციის მობილიზება მოხდებოდა და სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა“, - განაცხადა მელიამ.
პარასკევს Kvareli Lake Resort-მა დეზინფორმაცია უწოდა მედიის ბრალდებებს, რომ ლავროვის ქალიშვილი ამ სასტუმროში იმყოფება. მედიის ნაწილი იუწყებოდა, რომ ქორწილზე ჩამოსული სტუმრების ნაწილი ამ სასტუმროში დაბინავდა.
„ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინვე კომენტარი გააკეთა მეორე სასტუმრომ - Akhasheni Wine Resort and Spa-მ, რადგან ოპოზიციურმა ტელეარხებმა განაცხადეს, რომ სტუმრები რუსეთიდან ორ სასტუმროში დაბინავდნენ - Kvareli Lake Resort-სა და khasheni Wine Resort and Spa-ში.
Akhasheni Wine Resort and Spa-ს კომენტარში ნათქვამია, რომ ლავროვის გვარით ნომერი არავის დაუჯავშნია. სასტუმროს ადმინისტრაციამ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და პროვოკაცია უწოდა.
სამი საათის შემდეგ სასტუმრომ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ იღებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და ემსახურება ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით.
„ჩვენი პრეროგატივა არ არის მოვახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება. სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია... სასტუმროში არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა და არც კვირისთვის იგეგმება. მედიაში გავრცელებული ქორწილის კადრები ჩვენს სასტუმროში არ არის გადაღებული“, - ნათქვამია Akhasheni Wine Resort and Spa-ს განცხადებაში.