თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა.
ეს პირველი პირდაპირი რეისია რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ.
ამავე დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგი არიან იმ დროს, როდესაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტ სანქციას აწესებს უკრაინის კონფლიქტის გამო.
აქციასთან დაკავშირებით შსს-მ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების განახლებას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც სამშობლოში პერიოდულად ჩამოდიან.