თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ემინ ამრულაევის შეხვედრაზე თბილისში აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, მათ შორის, აღინიშნა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა, რომელსაც ხელი 2022 წელს მოეწერა.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ზოგადი განათლების სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.
ღარიბაშვილმა და ამრულაევმა ასევე განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებს შორის წარმატებული პარტნიორობა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებული თანამშრომლობის დასტურია აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელზეც ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოაწერეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორი ჰაფიზ ფაშაევი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.