ვიქტორია ნიკიფოროვა
უკრაინის წინასწარ გამოცხადებული კონტრშეტევა სხვაგვარად შემოტრიალდა. უკრაინის მთავარსარდალმა უცებ „დიდი შვიდიანის“ წევრებს სთხოვა მშვიდობიანი სამიტის ჩატარება და მისი „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა.
G7-ის შეხვედრა დღეს ჰიროშიმაში იწყება და არსებობს ალბათობა იმისა, რომ იქ მართლაც გაიმართება მშვიდობიანი დებატები, თუმცა მისი აზრი გაუგებარია. კიევის სურვილების განხილვა რუსეთის გარეშე - არის მხოლოდ და მხოლოდ საუბრები საბრალოთა სასარგებლოდ.
„დიდი შვიდიანის“ ლიდერებს შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილებისა თუ დადგენილების მიღება, მაგრამ მოსკოვის მოქმედებაზე ეს არავითარ გავლენას არ იქონიებს. დასავლეთს წამყვანი პოლიტიკოსები ამ ვითარებაში დაემსგავსებიან ჩვენს საბრალო ემიგრანტებს: მათაც უყვართ რაღაც სამიტებზე შეკრება, განხილვა იმისა, თუ რა მოუხერხონ რუსეთს, გადაწყვეტილებების გამოტანა, თუმცა მათ არავინ უსმენს და არც მათი დადგენილებები სჭირდება ვინმეს.
სინამდვილეში ზელენსკის განცხადება - არის მხოლოდ დახმარების თხოვნა. მისმა „უცნაურმა ომმა“, როგორც ჩანს, უკრაინა საბოლოოდ გამოფიტა. ქვეყნის ეკონომიკა აღარ არსებობს. მის ნაცვლად არის ვალები, რომელთა გადახდაც რამდენიმე თაობას მოუწევს. ოდესღაც კი იქ სრული სერიოზულობით სჯეროდათ, რომ მოსკოვისგან გათავისუფლების შემთხვევაში, იცხოვრებდნენ, „როგორც საფრანგეთში“.
იწურება სახელმწიფოს უმთავრესი რესურსი - მისი მოქალაქეები. საზღვარგარეთ 5,5 მილიონამდე შრომისუნარიანი მოქალაქე წავიდა. თან წაიყვანეს შვილები და მშობლებიც. გამოდის, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში უკრაინა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედმა დატოვა. კიდევ რამდენიმე მილიონი რუსეთში გადავიდა თავისი ქალაქებითა და სოფლებით.
ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ამერიკასთან მეგობრობის კლასიკური მაგალითი. მასთან მტრობა, რასაკვირველია, არასასიამოვნოა, მაგრამ მეგობრობა დამღუპველია. თანაც ბოლო ოცდაათი წელიწადი ამერიკელები ამას ღიად აჩვენებდნენ მთელ მსოფლიოს. შეიტანეს დემოკრატია იუგოსლავიაში - ქვეყანა მსოფლიოს რუკიდან გაქრა. შეიტანეს ის ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში - სადაც კოშმარმა დაისადგურა. ამასთან, რამდენიმე ათწლეული იქ ხელისუფლებაში იყვნენ ამერიკელების მოკავშირეები და საუკეთესო მეგობრები.
მთელ მსოფლიოს კი ეს ისე მიეწოდება, რომ დანარჩენ ხალხებთან თეთრ ბატონებს არაფრით არ გამოსდით დემოკრატიის აშენება. სინამდვილეში ეს ცარიელი სიტყვებია. ამერიკელებს არასდროს დაუგეგმავთ დემოკრატიის აშენება.
სრულიად არასენტიმენტალურმა გაზეთმა The Washington Post-მა ამასწინათ დაითვალა 4,5 მილიონზე მეტი „ირიბი სიკვდილი“ 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკელების შეჭრის შედეგად. ეს იყო ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლეობა. ამას დაუმატეთ ათობით მილიონი დევნილი, დანგრეული საწარმოები, ჩამკვდარი ეკონომიკები - და მიიღებთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ჭეშმარიტ შედეგს. სახელმწიფოების აღგვით პირისაგან მიწისა, მილიონობით ადამიანის ხოცვით, ამერიკელები სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ თავიანთ იმპერიას.
უკრაინისგანაც ავღანეთი შექმნეს, ოღონდ იქ უფრო ეშმაკურად შევიდნენ - 2014 წლის გადატრიალების მეშვეობით. უკრაინელებს ეგონათ, რომ ბიძია სემს ჭკუით აჯობებდნენ. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ - მათ წინააღმდეგ მეტად გამოცდილი ბიჭები თამაშობდნენ.
შედეგად უკრაინა დღეს დანგრეულია, მისი მენეჯერი კი დასავლეთს ამოსუნთქვის საშუალებას სთხოვს: ომში გასაგზავნი აღარავინ ჰყავს. კონტრშეტევის გადადებაც, მშვიდობიანი გეგმაც და მშვიდობიანი სამიტის დანიშვნის თხოვნაც - ერთი და იმავე ოპერიდანაა.
თუმცა ამერიკელები ზელენსკის ასე იოლად არ გაუშვებენ. მათი აზრით, უკრაინის გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება, მით უფრო, რომ ევროპაში ყველა მიზანი მიღწეული არ არის.
ვაშინგტონის ეს მიზნები ჯერ კიდევ 2015 წელს პოპულარული ენით ჩამოაყალიბა პოლიტოლოგმა ჯორჯ ფრიდმანმა, ანალიტიკური ცენტრ Stratfor-ის დამფუძნებელმა. ბატონობის შესანარჩუნებლად ამერიკელებს სჭირდებათ გერმანიასა და რუსეთს შორის კავშირების სასწრაფოდ გაწყვეტა, თქვა მან.
ეს პუნქტი უკვე შესრულებულია. ჯერ იყო კონფლიქტის გაღვივება უკრაინაში, შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქება, გერმანიის შანტაჟი კიევისთვის იარაღის მისაწოდებლად და ბოლოს გერმანული ტანკები დონბასში.
ახლა კი, ფრიდმანის გეგმით, ამერიკელებმა გერმანიასა და რუსეთს შორის უნდა გაავლონ ბუფერული ზონა და გააერთიანონ მასში ლიმიტროფული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნებიან მზად. ამერიკელებს სურთ პროექტში ბალტიისპირეთის, უკრაინის, მოლდოვასა და ბელარუსის გაერთიანება პოლონელების ზედამხედველობის ქვეშ. ევროპა, ფრიდმანის სიტყვებით, „განწირულია ომისთვის“. და თუ ბებერი ევროპის ქვეყნები ჯერ კიდევ თავს არიდებენ მობილიზაციას, ევროკავშირის ახალ წევრებს პოლონეთის თაოსნობით უკვე ელიან აღმოსავლეთის ფრონტზე. ეს ნიშნავს, რომ ევროპის აღმოსავლეთი გაიმეორებს უკრაინის ბედს.
დიდი ხნის წინ, როდესაც აშშ-ის სამომხმარებლო ბაზარი ყველაზე მდიდარი იყო მსოფლიოში, ამერიკელები მართლაც ვაჭრობდნენ მასზე წვდომით თავიანთ ვასალებთან. აქედან მოდის ომის შემდგომი იაპონიის, სამხრეთ კორეის, გერმანიის სწრაფი განვითარების ფენომენი.
თუმცა ახლა შტატებში ეკონომიკა ცუდ დღეშია და მარშალის ყველა გეგმა მივიწყებული აღმოჩნდა. დღეს ამერიკელები თავიანთ მოკავშირეებსა და მეგობრებს უკრაინის ბედს უქადიან. სიმბოლურია, რომ G7-ის სამიტი ჰიროშიმაში ტარდება. ეს კარგი შეხსენებაა ყველა ქვეყნისთვის, რას უნდა ელოდნენ ისინი ვაშინგტონისგან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე